კალათბურთი

20:58 | 4.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ვირტუსი" შენგელიას შენარჩუნებას ცდილობს, თუმცა მას "ბარსელონა" და "ფენერბაჰჩე" იწვევენ

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ შესაძლოა „ვირტუს ბოლონიასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივოს.

როგორც იტალიური გაზეთი Tuttosport-ი იტყობინება, ბოლონიელები მზად არიან თორნიკეს ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ სეზონში 1.8 მილიონი ევრო გადაუხადონ, რაც ევროპული კალათბურთისთვის საკმაოდ დიდი ხელფასია. შენგელია „ვირტუსს“ ცსკა-დან წამოსვლის შემდეგ შეუერთდა და ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს.

ამავდროულად ესპანური მედია წერს, რომ „ბარსელონა“ ახლოსაა ქართველი კალათბურთელის დამატებასთან. Mundo Deportivo-ს ცნობით, შენგელიათი „ბარსასთან“ ერთად „რეალი“, „ფენერბაჰჩე“, „ვალენსია“, „მაკაბი“ და „ბასკონია“ არიან დაინტერესებული, მაგრამ ყველაზე მეტად „ბარსელონა“ და „ფენერბაჰჩე“. გარდა ამისა, თორნიკეს NBA-ში დაბრუნების სურვილი აქვს და თუ ამის ვარიანტი ექნება, მისთვის პრიორიტეტი იქნება.

ევროპაში დარჩენის შემთხვევაში კი ქართველი უპირატესობას იმ გუნდს მიანიჭებს, რომელიც ევროლიგაში ითამაშებს. „ვირტუს ბოლონიას“ ევროლიგის საგზური ჯერჯერობით მოპოვებული არ აქვს.

აქვე გეტყვით, რომ თორნიკე შენგელია „ვირტუს ბოლონიაში“ საშუალოდ 12.4 ქულას, 6.3 მოხსნას, 2.5 პასს, 1.3 ჩაჭრასა და 0.4 დაფარებას აგროვებს.

0.120366