სხვა

2:51 | 4.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

მარკ კავენდიში ტურ დე ფრანსს გამოტოვებს

როგორც ჩანს, ბრიტანელ ველომრბოლ მარკ კავენდიშს, ლეგენდარული ედი მერქსის რეკორდს გაუმჯობესების საშუალება არ მიეცემა. ამის მიზეზი ისაა, რომ ის ველომარათონ ჯირო დ’იტალიაზე იასპარეზებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტურ დე ფრანსზე გამოსვლის შანსი თითქმის აღარ ექნება, რადგან ძალების აღდგენას ვერ მოასწრებს.

„ქვიკ სტეპმა“ სპრინტერი თავის რვაკაციან გუნდში შეიყვანა, რომელიც ამ პარასკევიდან, ჯიროზე იასპარეზებს. რბოლას სტარტი ქალაქ ბუდაპეშტში მიეცემა, შემდეგ კი იტალიაში გადაინაცვლებს. გუნდს ფრანგული ტურისთვის ჰოლანდიელი ფაბიო იაკობსენი ჰყავს შერჩეული.

ბელგიურმა გუნდმა „ქვიკ სტეპმა“ კავენდიშს შანსი 2020 წელს მისცა, როდესაც მასთან კონტრაქტი გააფორმა. გასულ სეზონში კი ის ტურ დე ფრანსზე, ტრავმირებული ირლანდიელის, სემ ბენეტის მაგივრად გაამწესა და არც შემცდარა. 36 წლის კავენდიშმა ოთხი ეტაპი და მწვანე მაისური მოიგო და რაც მთავარია, მერქსის მიღწევა - ტურზე 34 ეტაპის მოგება, გაიმეორა.

რა თქმა უნდა, ლეგენდარული ბელგიელის მიღწევა უფრო მნიშვნელოვანია, რადგან კანიბალი ყველა ტიპის ეტაპებს იგებდა - სპრინტსაც, დროზე რბოლასაც, საშუალო და მაღალმთიან რბოლებსაც. სამაგიეროდ, კავენდიშს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ტურის ყველა დროის საუკეთესო სპრინტერი. მაგრამ ახლა ის ჯიროზე ეცდება რბოლების მოგებას, ტურისთვის კი ძალა აღარ დარჩება...

0.115607