ფეხბურთი

18:26 | 3.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "დიდი შანსი გვაქვს ფინალში კიდევ ერთხელ გავიდეთ"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა. იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ შესანიშნავი თამაში იქნება და მისი გუნდი ფინალში გასასვლელად მზადაა.

„ფეხბურთელები კონცენტრირებულები არიან. ეს მნიშვნელოვანი თამაშია და დიდი შანსია ჩემპიონთა ლიგის ფინალში კიდევ ერთხელ გავიდეთ. კარგი ატმოსფერო იქნება. ვიცით, რომ რთული თამაში იქნება, მაგრამ თავდაჯერებულები ვართ. მცირე მინუსები გვაქვს, მაგრამ ხვალ ყველაფერს მოვაგვარებთ.

შესანიშნავი თამაში იქნება, ორ დიდ გუნდს შორის, რომლებსაც დიდი ფეხბურთელები ჰყავთ. ყოველთვის, როცა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ხარ, გულით და მოტივაციით უნდა ითამაშო, ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია, მაგრამ არასაკმარისი. ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად გარემოებების ერთობლიობაა საჭირო. ხვალ თუ მოვიგებთ, ეს არ იქნება მოტივაციის ან ჯადოსნური ატმოსფეროს გამო, ეს იქნება ჩვენი კოლექტიური და ინდივიდუალური თვისებების შედეგი.

პირველ მატჩში ჩვენი მიდგომა სწორი იყო, მაგრამ უფრო მეტი ხარისხით და პრესინგით უნდა ვითამაშოთ. არ ვაპირებთ უკან დახევას, მაგრამ იქნება მომენტები, როცა ჩვენს საჯარიმოსთან უფრო ახლოს თამაში მოგვიწევს და მზად უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალისა“ და „მანჩესტერ სიტის“ შეხვედრა 4 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. პირველი მატჩი ინგლისელებმა საკუთარ მოედანზე 4:3 მოიგეს.

0.115233