საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში 4 მედლით დაასრულა. მათ შორის, ბოლო მედალი გურამ თუშიშვილის აქტივშია, რომელიც ბრინჯაოს დაეუფლა.
+100 კგ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილი მთავარი ფავორიტი იყო, მაგრამ ნახევარფინალში დასანანი მარცხი განიცადა. გურამმა გერმანელი ლოსენი კონე და ნიდერლანდელი როი მაიერი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ნიდერლანდელ იურ სპიკერსთან კონტრშეტევაზე მიღებული იპონით წააგო. თუშიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის უკრაინელ იაკივ ხამოს შეხვდა, რომელიც დაამარცხა ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
90 კგ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძემ შესანიშნავად იასპარეზა და ესტონელი კრისტოფერ კალიულაიდი, სლოვაკი პეტერ ჟილკა და უნგრელი კრისტიან ტოტი დაამარცხა. მას ნახევარფინალის მოსაგებად წუთზე ნაკლები დრო დასჭირდა და ფინალში იჭიდავა, სადაც მისი მეტოქე სერბი დარკო ბრასნიოვიჩი იყო. ლუკა თავიდან ვაზარით დაწინაურდა, ხოლო ბოლო წამზე სერბი შებოჭა და დამსახურებულად გახდა ევროპის ჩემპიონი!
საქართველოს ნაკრებში დაბრუნდა ვარლამ ლიპარტელიანი, რომელმაც პირველ წრეში გერმანელი კარლ-რიხარდ ფრაი დაამარცხა, მაგრამ შემდეგ დანიელ ეიხთან წააგო. ვარლამი რეპეშაჟში ნიკოლოზ შერაზადიშვილს გაეჯიბრა და სამი გაფრთხილებით დამარცხდა, შესაბამისად, უმედლოდ დარჩა. ამავე წონაში ილია სულამანიძემაც წარუმატებლად იასპარეზა, რადგან პირველივე შეხვედრა დათმო აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვთან და ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა.
ქალთა შორის, +78 კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილი პირველივე წრეში ნიდერლანდელ მარიტ კამპსთან დამარცხდა.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ოთხი მედლით დაასრულა რომლებიც ტატო გრიგალაშვილისა (ოქრო), ლუკა მაისურაძის (ოქრო), გურამ თუშიშვილის (ბრინჯაო) და ეთერ ლიპარტელიანის (ბრინჯაო) აქტივშია. შედეგად, საქართველომ გუნდურ ჩათვლაში საფრანგეთისა და ნიდერლანდების შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა.