ძიუდო

15:19 | 1.05.2022 | ნანახია 1021 - ჯერ

ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია!

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გრძელდება ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში, რომლის ბოლო საშეჯიბრო დღეს ლუკა მაისურაძე ფინალში იასპარეზებს, ხოლო გურამ თუშიშვილი ბრინჯაოსთვის იბრძვის.

90 კგ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძემ შესანიშნავად იასპარეზა და ესტონელი კრისტოფერ კალიულაიდი, სლოვაკი პეტერ ჟილკა და უნგრელი კრისტიან ტოტი დაამარცხა. მას ნახევარფინალის მოსაგებად წუთზე ნაკლები დრო დასჭირდა და ფინალში იჭიდავებს, სადაც მისი მეტოქე სერბი დარკო ბრასნიოვიჩი იქნება.

+100 კგ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილი მთავარი ფავორიტი იყო, მაგრამ ნახევარფინალში დასანანი მარცხი განიცადა. გურამმა გერმანელი ლოსენი კონე და ნიდერლანდელი როი მაიერი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ნიდერლანდელ იურ სპიკერსთან კონტრშეტევაზე მიღებული იპონით წააგო. თუშიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის უკრაინელ იაკივ ხამოს შეხვდება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრებში დაბრუნდა ვარლამ ლიპარტელიანი, რომელმაც პირველ წრეში გერმანელი კარლ-რიხარდ ფრაი დაამარცხა, მაგრამ შემდეგ დანიელ ეიხთან თავად წააგო. ვარლამი რეპეშაჟში ნიკოლოზ შერაზადიშვილს გაეჯიბრა და სამი გაფრთხილებით დამარცხდა, შესაბამისად, უმედლოდ დარჩა. ამავე წონაში ილია სულამანიძემაც წარუმატებლად იასპარეზა, რადგან პირველივე შეხვედრა დათმო აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვთან და ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა.

ქალთა შორის, +78 კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილი პირველივე წრეში ნიდერლანდელ მარიტ კამპსთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების აქტივში ევროპის ჩემპიონატზე ამ დროისთვის ორი მედალია, რომლებიც ტატო გრიგალაშვილისა (ოქრო) და ეთერ ლიპარტელიანის (ბრინჯაო) აქტივშია.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:21 | 01.05.2022
zura54 (108)

გამარჯობათ ამ ევროპაზე შეიძლება ორი ოქროს მოპოვება რაც ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის თუ ასე მოხდა ჩემის აზრით უდავოდ ბიჭების დამსახურებად უნდა იქნას მიჩნეული, ხოლო მწვრთნელთა საბჭოს მუშაობა შედარებით მოკრძალებულად უნდა ჩაითვალოს, მეტიც გუჯეჯიანმა თუ ასე გააგრძელა მსოფლიოზე ფიასკოს ვერ ავცდებით, ერთ დროს ევროპაში ერთ-ერთი ლიდერები ვიყავით დღეისათვის ხუთეულში მოვისაზრებით, იმედია ვცდებოდე.

19:13 | 01.05.2022
lagashi (6738)

იმედგაცრუებული ვარ მეც, მაგრამ ევროპაში უდაოდ ნომერ 1 ნაკრები გვყავს (კაცები).

17:08 | 01.05.2022
vaso8522 (1669)

სულ მაგას აღვნიშნავ, რომ ძიუდოისტების წარმატება მხოლოდ პირადი დამსახურებაა, ოლიმპიადის მონაგარი დასაფასებელია, მაგრამ არ შეიძლება ამდენი წაგებული ფინალის მერე მწვრთნელი დადებითად შეფასდეს. ევროპაზე კი, რომელიც კაი ხანია არაპრესტიჟული გახდა და სხვა ნაკრებების პირველი ნომრები არ ასპარეზობენ და როცა თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით ხარ წასული და ამავ დროს მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერობაზე გაქვს პრეტენზია ამ სპორტში, ორი ოქროც კი არაა მისაღები შედეგი

0.196524