ფეხბურთი

22:42 | 30.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

მატჩის მეფე! მამარდაშვილი ვალენსიური დერბის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 34-ე ტურში „ლევანტესთან“ „მატჩის მეფე“ გახდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ლა ლიგის ვერსიით, თამაშის საუკეთესო ფეხბურთელი!

ვალენსიურ დერბიში ხოსე ბორდალასის გუნდმა ვერ მოიგო, მაგრამ გიორგი რომ არა, უთუოდ წააგებდა. 21 წლის ქართველმა მეკარემ 5 სეივი მიითვალა და მხოლოდ ოსკარ დუარტეს თავურს ვერ მოუხერხა ვერაფერი. კოსტა რიკელმა მცველმა 81-ე წუთზე გაიტანა და გიორგის არანაირი ბრალი არ მიუძღვის ამ გოლში, აუღებელი დარტყმა იყო.

„ვალენსია“ 27-ე წუთზე უგო დუროს გოლით დაწინაურდა, მაგრამ 4 წუთში ხოსე გაია გააძევეს და რიცხობრივ უმცირესობაში ძალიან გაუჭირდა. ვერც შეინარჩუნა უპირატესობა და ფრე 1:1, მაგრამ როგორც ვთქვით, მოედანზე საუკეთესო მამარდაშვილი იყო. ქართველმა კიპერმა 70-ე წუთზე დროის გაყვანისთვის ყვითელი ბარათიც მიიღო.

სტატისტიკის ვებგვერდმა Whoscored-მა გიორგის თამაში 7.3 ქულით შეაფასა, რაც ვალენსიელთა შორის მეორე საუკეთესო მაჩვენებელი იყო ტიერი კორეიას შემდეგ, ხოლო Sofascore-მ ასევე 7.3 ქულა დაუწერა და ამ შემთხვევაშიც მხოლოდ კორეიას ჩამორჩა. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ლა ლიგამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მამარდაშვილი დაასახელა.

21 წლის ქართველ მეკარეს მიმდინარე სეზონში 19 მატჩი დაუგროვდა და კარი მშრალად 8-ჯერ შეინახა. „ვალენსია“ ლა ლიგაში 43 ქულით მეათე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 7 მაისს, სტუმრად „ბილბაოსთან“ გამართავს.

0.119527