ძიუდო

18:17 | 30.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ოქრო სოფიადან - ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია!

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველო ჰიმნით დასრულდა. ჩვენ ქვეყანას კონტინენტის პირველობაზე პირველი ოქროს მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა.

81 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში ქართველმა სპორტსმენმა ბელგიელ მათიას კასს რევანში აუღო და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. გრიგალაშვილმა მეტოქეს ჯერ 2 შიდო მიაღებინა, შემდეგ კი ქულა აუღო და ევროპის ჩემპიონი გახდა.

მედლისთვის ბრძოლამდე ტატომ ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და პირველ შეხვედრაში ფინელ ოსკარი მაკინენს იპონით აჯობა. მომდევნო ეტაპზე გერმანელ ტიმ გრამკოვს მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც უნგრელ ატილა უნგვარს შეხვდა და სძლია. კონტინენტის პირველობის ნახევარფინალში ტატოს მეტოქე უკრაინელი სერგი კრივჩაჩი იყო, რომელსაც ასევე მოუგო.

შეგახსენებთ, რომ ეს ტატოსთვის მეორე ევროპის ჩემპიონობაა. რაც შეეხება მიმდინარე ტურნირს, ის 29 აპრილს დაიწყო და პირველ საშეჯიბრო დღეს ძალები ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა მოსინჯა, რომელთაგანაც ბრინჯაოს მედალს მხოლოდ ეთერ ლიპარტელიანი დაეუფლა. დღეს კი ლაშა შავდათუაშვილმა პირველი შეხვედრა მოიგო, თუმცა, შემდეგ იტალიელ ჯოვანი ესპოზიტოსთან წააგო და უმედლოდ დარჩა. ტურნირი 1 მაისს დასრულდება, ხვალ ტატამიზე 5 ქართველი ძიუდოისტი გავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113723