19-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-11 ჯგუფის მატჩები თბილისში იმართება.
პირველ შეხვედრას რუმინეთსა და კვიპროსს შორის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანმა უმასპინძლა.
თანამედროვე ფეხბურთი გახდა უფრო გუნდური და ერთი გამორჩეული მოთამაშის მოედანზე ყოფნა შედეგის გარანტი ვერ იქნება. ორივე გუნდზე იმის თქმა შეიძლება, რომ თითქმის არ ჰყავდათ სუსტი ფეხბურთელი, მოედანზე მყოფი მოთამაშეები მწვრთნელის დავალებას მაქსიმალურად ასრულებდნენ. პასის დაგვიანება, კონცენტრაციის დაკარგვა, თამაშის საკუთარ თავზე ზედმეტად აღება არ შეინიშნებოდა. შეტევის ფაზაში პასზე ფიქრობდნენ და უბურთო თანაგუნდელებს ხედავდნენ.
კუნძულელები თუ რუმინელები სათამაშო დისციპლინას იცავდნენ. თითოეულმა მათგანმა იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. იყო შეცდომები, მაგრამ სავალდებულო ზონის გაკონტროლება არ ავიწყდებოდათ. ეს გავდა ევროპული ფეხბურთის საფუძველს. არა ხარისხი, არამედ მიდგომა. თამაშის აგება გუნდზე და არა ცალკეულ ფეხბურთელზე.
პირველ ტაიმში უპირატესობას რუმინელები ფლობდნენ. ისაკ დორუს მოთამაშეები კლასით აღემატებოდნენ მეტოქე ფეხბურთელებს, მაგრამ მეორე ტაიმში შემართება დააკლდათ, განსაკუთრებით საწყის წუთებში. მეორე ნახევარში კვიპროსელთა გააქტიურებამ ტემპის გაზრდა გამოიწვია. ფეხბურთელებმა მოუმატეს სიჩქარეს და ბურთიც უფრო სწრაფად მოძრაობდა.
რუმინელთა მწვრთნელი ისაკ დორუ გამოცდილი სპეციალისტია. უმუშავია ფრანგ, არაბ, იაპონელ და ყატარელ ახალგაზრდებთან. იყო ბორა მილუტინოვიჩისა და კარლოს კეირუშის ასისტენტი. რაც შეეხება მის მეტოქე რენოს დემეტრიადესს, 41 წლის მწვრთნელი 2012 წლიდან მუშაობს კვიპროსელ ახალგაზრდებთან. ისაკ დორუსგან განსხვავებით, გამოცდილების შეძენის პროცესშია.
მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი რუმინელთა 6 ნომერი რობერტ იოან კარუტა იყო. განსაკუთრებით პირველ ტაიმში კარგად თამაშობდა ართმევაზე, ჩაშლის შემდეგ კარგ პასებს აკეთებდა ხოლმე, მოედანს კარგად ხედავდა. რუმინელთა შეტევით ხაზში აქტიურობდა კრაიოვას “უნივერსიტატიას” 17 წლის ანდრეი ივანი. ასევე “ოცელულის” შემტევი ალექსანდრუ ტუდორიე, რომელმაც ერთ ეპიზოდში ბურთი ძალიან რბილად მიიღო, მშვენივრად გააჩერა და ტრიბუნაზე მყოფთაგან ოვაციაც დაიმსახურა.
ნიქოზიას “ომონიას” რიგებში გამოდის გოლის ავტორი ფანოს კატელარისი. 18 წლის ფეხბურთელი შოთა გრიგალაშვილისა და უჩა ლობჟანიძის გუნდელია. კატელარისმა კარგი შთაბეჭდლება დატოვა, ფიზიკურად ძლიერმა მოთამაშემ დამატებულ წუთებზე კარგად დაარტყა და გაიტანა. ასეთი მოგება, ბოლო წუთზე გამარჯვება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.
კატელარისის მსგავსად “ომონიას” ფეხბურთელია ანდრეას ფრაგკესკუ. ფიზიკურად ძლიერი ცენტრალური მცველის სიმაღლე 2 მეტრი და 1 სანტიმეტრია.
თამაშს ბევრი გულშემატკივარი არ დასწრებია, თუმცა იყვნენ ნაცნობი სახეები, ქართველი მწვრთნელები და ფეხბურთელები.
ალექსანდრე ჩივაძისა და ოთარ გაბელიასთან ახლოს გიორგი დევდარიანი შევნიშნე, რომელიც მომავალ მეტოქეებს აკვირდებოდა. მეორე ტაიმში ტრიბუნაზე “საბურთალოს” მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი გამოჩნდა. თამაშზე იმყოფებოდა გია ცეცაძე, 19-წლამდე ნაკრების ყოფილი მწვრთნელი. ის პიროვნებები ჩამოვთვალე, რომელთაც ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ. ასე რომ, მათი ინტერესი აღნიშნული შეხვედრისადმი ლოგიკური იყო.
რუმინეთი – კვიპროსი 0:1
მიხელ მესხის სათადარიგო მოედანი, 50 მაყურებელი
რუმინეთი: ნეგრილა, მანეა, გერგე, ჰალმაგე, კრისანი, კარუტა, ბელაურე, დანცუ (ოლტეანუ 73), პუშკაში, ივანი, ტუდორე
მთავარი მწვრთნელი: ისაკ დორუ
კვიპროსი: ტასურისი, კუსულოსი, კატელარისი, ფრაგკესკუ, ლილისი (კარალამპუსი 64), ფრაგკუ, კონსტანტინუ, კარალამბუსი (პ.კრისტოდულუ 76), პანაგი (ლემესიო 89), გ.კრისტოდულუ, ნიკოლაუ
მთავარი მწვრთნელი: რენოს დემეტრიადესი
გოლი: კატელარისი (90+2)
გაფრთხილება: ივანი (26), ტასურისი (26), კარუტა (51), პ.კრისტოდულუ (83) კონსტანტინუ (90+3),
მთავარი მსაჯი: არტიომ კუჩინი (ყაზახეთი)
ასისტენტები: სანზარ ისაკოვი (ყაზახეთი), გიორგი ელიკაშვილი (საქართველო)
მეოთხე არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი (საქართველო)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კვიპროსმა ისწავლა თამაში ჩვენ ბალახის ძოვა ვერ გვისწავლია
რასაც ქვია გაუვარდა, რუმინეთს კი როგორც ჩანს ჩვენნაირი სენი ჭირს მომენტების არ გამოყენების
გაგვიჭირდება ამათთან ეგეთი ფიზიკური მომზადებით,ჩვენ ფეხბურთელებს დევდარიანი ვერ მოამატებინებს ფიზიკას,ეს ხდება კლუბებში და ჩვენი მოთამაშეები თამაშობენ საქართველოს ჩემპიონატის დაბალ დივიზიონში,ჯერ ჩემპიონატი რა გვაქ და მისი დაბალი დივიზიონში რა უნდა მოუმატოს 19 წლის ფეხბურთელმა?