სხვა

22:58 | 29.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტაისონ ფიური - „მე დავამთავრე“

მსოფლიო კრივის საბჭოს (WBC) მძიმე წონის ჩემპიონი ტაისონ ფიური ამბობს, რომ რინგზე დაბრუნებას არ აპირებს. ის ამბობს, რომ კრივში ვეღარც სიმდიდრე დააბრუნებს და ვერც დიდება, რომლებიც საკმაოზე მეტი მოიხვეჭა.

ბრიტანელმა გიგანტმა გასულ შაბათს, ლონდონის უემბლიზე თანამემამულე დილიან უაითი ნოკაუტით დაამარცხა და WBC-ს ტიტული შეინარჩუნა. მას დაუმთავრებელი საქმე დარჩა - ენტონი ჯოშუასთან შეხვედრა, მაგრამ ამან თავისი ტიტულები, უკრაინელ ოლეკსანდრ უსიკთან შეხვედრაში დათმო და ახლა რემატჩისთვის ემზადება. ფიურის ამ ტიტულებისთვის ბრძოლა სურდა, მაგრამ მიზეზთა გამო, ამის საშუალება არ მიეცა.

სხვათა შორის, მისმა მეუღლე პარისმა განაცხადა, რომ ერთადერთი მიზეზი, რაც ტაისონს რინგზე დააბრუნებს, ტიტულების გამაერთიანებელი ბრძოლაა. მაგრამ თავად მოკრივე უკვე ამაზეც უარს ამბობს.

„ეს სიმართლეა, ევანგელური სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა - მე დავამთავრე. ყველამ ვიცით, რომ კარგ ძაღლსაც თავისი დრო აქვს. და როგორც ერთ-ერთმა რომაელმა ლიდერმა თქვა, ყოველთვის მოიძებნება ის, ვისთან ბრძოლასაც აზრი აქვს“, - ამბობს 33 წლის ფიური, ვისაც პროფესიონალურ რინგზე 32 მოგება და 1 ფრე აქვს.

„მე ჯანმრთელი ვარ, ტვინი შემრჩა და ლაპარაკი ისევ შემიძლია. მყავს მშვენიერი მეუღლე, ექვსი შვილი. მოპოვებული მაქვს უამრავი სარტყელი, გამოვიმუშავე ბევრი ფული, მოვიხვეჭე სახელი. რაღა დარჩა, რისთვისაც დარჩენა ღირს?“ - დასძენს ჩემპიონი.

0.131491