ფეხბურთი

13:49 | 29.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო ანანიძემ კარიერა დაასრულა

ჯანო ანანიძემ კარიერა დაასრულა. ორიოდ დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია ამჯერად „დინამო ბათუმის“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

როგორც ზღვისპირელთა განცხადებაშია აღნიშნული ტრავმების სიმრავლემ 29 წლის ფეხბურთელს ნიჭის სრულად წარმოჩენის საშუალება არ მისცა და კარიერის დასრულებაც ამიტომ გადაწყვიტა.

„პირველ რიგში გვინდა ჯანოს ჯანმრთელობა ვუსურვოთ და ჩვენი გუნდის მაისურით მოედანზე გატარებული თითოეული წუთისთვის მადლობა გადავუხადოთ. სამწუხაროდ ტრავმების სიმრავლემ ჯანოს საფეხბურთო ნიჭის სრულად წარმოჩენის საშუალება არ მისცა, მაგრამ მიუხედავად ამისა მან ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს უამრავი დადებითი ემოცია აჩუქა. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ჯანო ანანიძე კვლავაც დარჩება ქართული ფეხბურთის სამსახურში და არაერთ სასიკეთო საქმეს გააკეთებს“, - ნათქვამია ბათუმელთა განცხადებაში.

ჯანო ანანიძემ კარიერა მოსკოვის „სპარტაკში“ დაიწყო, ასევე ითამაშა „როსტოვში“, „ანორთოსისში“, „როტორში“, „კრილია სოვეტოვსა“ და „დინამო თბილისში“. მიმდინარე სეზონში მან ეროვნულ ლიგაში 6 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასი გააკეთა. საქართველოს ნაკრებში ანანიძემ 45 შეხვედრა ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

0.118594