კალათბურთი

10:45 | 29.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბრწყინვალე პოლი! კრისმა NBA-ს ისტორია გადაწერა და "ფინიქს სანსიც" მომდევნო ეტაპზე გაიყვანა (+VIDEO)

„ნიუ ორლეან პელიკანსისა“ და „ფინიქს სანსის“ სერიის მე-6 შეხვედრა ალბათ კრის პოლისთვის დაუვიწყარი იქნება. 36 წლის მცველმა NBA-ს ისტორიაში შეაბიჯა და პლეი ოფის ყველა დროის რეკორდი დაამყარა!

საქმე ის გახლავთ, რომ კრისმა ფარის მიმართულებით ბურთი 14-ჯერ ისროლა და 14-ჯერვე ჩააგდო. ცხადია საუკეთესოც სწორედ ის გახდათ. პოლმა 33 ქულა, 4 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. ამ მონაგარს ისიც დაამატა, რომ 4-დან ოთხივე საჯარიმოც გამოიყენა. მთლიანობაში კი ერთიდან 1 სამქულიანი და 13-დან 13 ორქულიანი ჰქონდა. ამერიკელმა 2 პერსონალური ფოლი მიიღო და +- მაჩვენებელი ცხადია ყველაზე მაღალი, +17 დაიმსახურა.

ეს მან ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გააკეთა და თამაშის ბოლოს აღნიშნა, რომ ვერც კი წარმოედგინა მსგავს ისტორიულ რეკორდს თუ დაამყარებდა.

„''წარმოდგენა არ მქონდა. არ ვფიქრობდი, რომ ისტორიის ნაწილი გავხდებოდი. უბრალოდ ჩემი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობდი, რომელთანაც კარგი მოგონებები მაქვს. გუნდის მწვრთნელთან - უილი გრინთანაც შესანიშნავი ურთიერთო ბა მაკავშირებს, მე მას ხშირად ვესაუბრები ხოლმე, თუმცა ამ თამაშამდე არ გვლაპარაკია. ძალიან მინდოდა შემდეგ ეტაპზე გავსულიყავით და ესეც გამოვიდა“, თქვა პოლმა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. პირველი პერიოდში გუნდებმა თანაბარი ქულები ჩააგდეს 28:28, ხოლო მეორე მეოთხედში „პელიკანსის“ მოტამაშეებმა 10-ქულიანი გაქცევა მოაწყვეს და ალბათ ფიქრობდნენ, რომ სერიაში ანგარიშს გაათანაბრებდნენ. მონტი უილიამსის გუნდი შესვენების შემდგომ პარკეტზე ბევრად მობილიზებული დაბრუნდა. მესამე 12-წუთეულში 7 ქულის გაქვითვა მოახერხა და უკანასკნელ პერიოდში კი თამაშს მთლიანად აკონტროლებდა. ბოლო ანგარიში, როდესაც „ნიუ ორლენანი“ წინ გაიჭრა - 104:103 იყო. ამის შემდგომ „პელიკანსის კალათბურთელებმა 5, ხოლო „სანსის“ მოტამაშეებმა 12 ქულა მიითვალეს და სერიაში 4:2 იმარჯვეს.

კრის პოლს მხარი დეანდრო ეიტონმა აუბა, რომელმაც 22 გულა გამოიმუშავა. მან ამ მონაგარს 7 მოხსნა და 4 პასიც დაამატა. 18 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი ჰქონდა მიკალ ბრიჯისს, დევინ ბუკერმა კი საკუთარ გუნდს 13 ქულა, 5 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

დამარცხებულთაგან ყველაზეწ მეტი ბრენდონ ინგრამმა ჩააგდო. 24 წლის ამერიკელმა ფორვარდმა 22 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. 16-16 ქულა ჩააგდეს ჰერბერტ ჯონსმა და სი ჯეი მაკკოლუმმა.

ამრიგად, „ფინიქს სანსი“ მეოთხედფინალსი გავიდა, სადაც ლუკა დონჩიჩის „დალას მავერიკსს“ შეერკინება. ამ გუნდების პირველი შეხვედრა 3 მაის გაიმართება.

0.135078