ავტოსპორტი

3:33 | 29.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

„მერსედესი“ მაიამის რბოლისთვის სიახლეებს ამზადებს

ეს სეზონი „მერსედესისთვის“ რთულად დაიწყო. გუნდი, რომელსაც კონსტრუქტორთა ჩემპიონატში ზედიზედ რვა და მრბოლთა შორის შვიდი ტიტული აქვს მოპოვებული, ახლა ლიდერებისგან ძალიან შორსაა და თუ ასე გააგრძელა, მესამე ადგილის დაკავებაც გაუჭირდება. თუმცა დანებებას არ აპირებს და მაიამის სადებიუტო რბოლისთვის, განახლებებს ამზადებს.

„მერსედესის“ მთავარი პრობლემა, ეგრეთ წოდებული პორპოსინგი, მაღალ სიჩქარეზე უკანა ბორბლების ხტუნვებია. ამის გამო, სარბოლო ინჟინრები იძულებულები არიან, ძირის გზიდან დაშორება გაზარდონ. ასე ხტუნვების ინტენსივობა იკლებს, მაგრამ აეროდინამიკა უარესდება, რაც შედეგებზე აისახება.

გუნდი კარგა ხანს პორპოსინგის მიზეზს ვერ ხსნიდა. თუმცა სარბოლო მთავარი ინჟინერი ენდრიუ შოვლინი ამბობს, რომ ინჟინრები რამდენიმე სიახლეს ამზადებენ, რომლებსაც „მერსედესი“ პირველად მაიამიში გამოიყენებს.

„ჩვენს ბაზაზე დაუღალავად შრომობენ. ახლა მთავარი ისაა, რომ პრობლემის არსს ბოლომდე ჩავწვდეთ და მისი კონტროლი შევძლოთ. ჩვენ გარკვეულ აეროდინამიკურ გადაწყვეტაზე ვმუშაობთ, რომელიც შესაძლოა, პრობლემის მოსაგვარებლად გამოგვადგეს“, - ამბობს შოვლინი და დასძეს, რომ ასეთი პრობლემის ერთი ხელის მოსმით გადაწყვეტა პრაქტიკულად შეუძლებელია.

„ჩვენ მოკლე ნაბიჯებით ვივლით, რადგან ვიცით, რომ პრობლემას სწრაფად ვერ მოვაგვარებთ. კარგი სიახლე ისაა, რომ ოპტიმისტურ მონაცემებს ვღებულობთ. შესაძლოა მაიამის რბოლისთვის, რამდენიმე სიახლე გამოვიყენოთ. ამით ყველა პრობლემას ვერ მოვაგვარებთ, მაგრამ მნიშვნელოვანი პროგრესის იმედი გვაქვს“, - დასძენს შოვლინი.

თეგებიმერსედესი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116923