ზე-ბუმბულის წონაში (59 კგ) ორი დაუმარცხებელი ჩემპიონი, მექსიკელი ოსკარ ვალდესი და ამერიკელი შაკურ სტივენსონი, მათ ხელთ არსებული ტიტულების გამაერთიანებელ ბრძოლაში, ამ შაბათს ლას ვეგასში შეხვდებიან.
ვალდესი კრივის მსოფლიო საბჭოს (WBC) სარტყელს ფლობს. მას 30 ბრძოლა აქვს გამართული და ყველა მოიგო, აქედან 23 ნოკაუტით. სტივენსონი მსოფლიო კრივის ორგანიზაციის (WBO) ჩემპიონია. მას 17-ვე შეხვედრა მოგებული აქვს, მათგან 9 ნოკაუტით.
სტივენსონი 24 წლისაა. რიოს ოლიმპიადაზე, 53.5 კგ-ში მას ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული. WBO-ის ტიტულს მას შემდეგ დაეუფლა, რაც თანამემამულე ჯამილ ჰერინგი ნოკაუტით დაამარცხა. „მე მსოფლიოში საუკეთესო ახალგაზრდა მოკრივე ვარ და მალე მეორე ტიტულსაც მოვიპოვებ. მოუთმენლად ველი, როდის ავალ რინგზე“, - ამბობს სტივენსონი.
31 წლის ვალდესს ორ ოლიმპიადაზე მიუღია მონაწილეობა, მაგრამ მედალი ვერ მოუპოვებია. 14 თვის წინათ მან მექსიკელი მიგელ ბერჩელტი დაამარცხა და მას WBC-ს ტიტული ჩამოართვა. ამ ტიტულის დაცვა სექტემბერში მოასწრო, როდესაც ქულებით დაამარცხა მსუბუქ წონაში (61 კგ) რიოს ოლიმპიადის ჩემპიონი, ბრაზილიელი რობსონ კონსეიკაუ.
ამ ბრძოლამდე რვა დღით ადრე, მას ტესტზე აკრძალული სტიმულატორი აღმოუჩინეს, მაგრამ რინგზე გაუშვეს, რადგან ფენტერმინის გამოყენება მხოლოდ შეჯიბრის პერიოდში იკრძალება.
აღსანიშნავია, რომ ვალდესიც და სტივენსონიც, WBO-ის ვერსიით, ბუმბულის წონაში (57 კგ) ყოფილი ჩემპიონები არიან.