ფეხბურთი

19:14 | 28.04.2022 | ნანახია 927 - ჯერ

რუსი ჟურნალისტი: "ქართველები საბჭოთა ბრაზილიელები არიან, ხვიჩას ნეაპოლელებთან ბევრი საერთო ექნება"

რუსმა ჟურნალისტმა გიორგი კუდინოვმა, რომელიც იტალიაში, Gazzetta Dello Sport-ში მუშაობს, „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე ისაუბრა. მან თქვა, რომ რუსეთის ჩემპიონატიდან სერია A-ში დამკვიდრება წარსულში სხვა ფეხბურთელებს გაუჭირდათ, მაგრამ ფიქრობს, რომ კვარაცხელია „ნაპოლისთვის“ შესანიშნავი შენაძენია და ქართველებს საბჭოთა ბრაზილიელები უწოდა.

„ვულოცავ პრეზიდენტ დე ლაურენტისს: შესანიშნავი შენაძენია, სათქმელი არაფერია. ძალიან ჭკვიანური გარიგებაა, ხარისხისა და ფასის ურთიერთმიმართების, ასევე ასაკის გათვალისწინებით. ეს არის პერსპექტივაში ბიზნესი, რომელიც ფულს არასდროს დაგაკარგვინებს.

სუფთა ტალანტის დონეზე სათქმელი არაფერია. ის დიდებული ფეხბურთელია. ქართველები საბჭოთა ბრაზილიელები არიან, მათ დიდი სკოლა აქვთ, მნიშვნელოვანი ისტორია. სუფთა ნიჭია და როგორც ქართველს, ნეაპოლელებთან ბევრი საერთო ექნება. შესანიშნავი გამოწვევაა.

არ ვიცი, როგორ მოერგება სერია A-ს, მაგრამ რუსეთის ჩემპიონატიდან ვინც აქ მოდის, ყოველთვის ყველაფერი უნდა აწონ-დაწონოს. საქმე სხვადასხვა დამოკიდებულებასა და ფიზიკურობაშია. წარსულში სხვა რუსმა ფეხბურთელებმა იტალიაში ფეხი ვერ მოიკიდეს. უნდა დაველოდოთ. ტალანტის მხრივ, ნამდვილად კარგი გარიგებაა, თუმცა ნამდვილად არ შეიძლება დარწმუნებით ვთქვათ, რომ ის სხვებივით დავიწყებას მიეცემა და იტალიაში თავს ვერ დაიმკვიდრებს“, - თქვა კუდინოვმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ტრანსფერი გუშინ კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა.


Comments (0)

Please log in to post a comment Log in Or Register

0.120492
927