ტაისონ ფიურის მეუღლე პარისი ამბობს, რომ მძიმე წონის ჩემპიონი რინგს მხოლოდ ერთი მიზეზით დაუბრუნდება - თუ ტიტულების გამაერთიანებელ ბრძოლას შესთავაზებენ.
ფიურიმ დილიან უაითთან გამარჯვების შემდეგ გამოაცხადა, რომ ხელთათმანებს ლურსმანზე კიდებს. თუმცა პარისი ამბობს, რომ მის ქმარს, ვისაც პროფესიონალურ რინგზე ჯერ ბრძოლა არ წაუგია, აბსოლუტური ჩემპიონობის ამბიცია აქვს.
ფიური WBC-ს საჩემპიონო სარტყელის მფლობელია. WBA-ის, IBF-ის და WBO-ის ტიტულები კი უკრაინელ ოლეკსანდრ უსიკს ეკუთვნის, რომელმაც ისინი ბრიტანელ ენტონი ჯოშუას ჩამოართვა.
უსიკი სამოყვარულო კრივში, მსოფლიოს (2011 წელს) და ოლიმპიური თამაშების (2012 წელს) ჩემპიონია მძიმე წონაში. ჯოშუა კი 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე (ბაქო) ზემძიმე წონაში ვერცხლს დასჯერდა, ლონდონის ოლიმპიადაზე კი ზემძიმე წონაში ჩემპიონი გახდა.
მათი პირველი შეხვედრის კონტრაქტში ჩაწერილი იყო, რომ უსიკის გამარჯვების შემთხვევაში, ჯოშუას რემატჩის მოთხოვნის უფლება ჰქონდა. მან მოითხოვა და დასტურიც მიიღო. როდის და სად გაიმართება ეს შეხვედრა, ჯერ გარკვეულ არ არის. მთავარია, რომ გამარჯვებული, ფიურის ტიტულების გასაერთიანებელ ბრძოლას შესთავაზებს.
ფიურის ნათქვამი აქვს, რომ თავისი დროის ოჯახისთვის მიძღვნა სურს. პარისის თქმით, მის მეუღლეს რინგზე დასამტკიცებელი აღარაფერი დარჩენია და ერთადერთი მიზეზი, რისთვისაც დაბრუნება უღირს, ტიტულების გაერთიანებაა.
კითხვაზე, სურს თუ არა, რომ ტაისონმა კარიერა დაასრულოს, პარისი პასუხობს: „კი, ეს პროცესი არ მომწონს. კარგია, როდესაც ცნობადი ხარ, მაგრამ ბრძლისთვის მზადება, მერე კი რინგზე ამ ყველაფრის ცქერა, ძალიან რთულია. მინდა, რომ ის სახლში იყოს. მას დასამტკიცებელი აღარაფერი დარჩა. ის საუკეთესოა“, - ამბობს პარის ფიური.