რუსეთის ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა ფეხბურთელმა რინატ ბილიალეტდინოვმა „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, იტალიაში ქართველს გაუჭირდება თავისი თამაშის ჩვენება, რადგან იქ დაცვით ფეხბურთს ანიჭებენ უპირატესობას.
„ხვიჩა დრიბლიორი თავდამსხმელია. ცდილობს ინდივიდუალური ქმედებებით გადაჭრას პრობლემები. ასეთი ფეხბურთელები ნებისმიერ ჩემპიონატთან ადაპტირდებიან, ყოველთვის საჭირო არიან. თუმცა, იტალიაში დაცვითი ფეხბურთის კულტია. ხვიჩას იქ გაუჭირდება თავისი დრიბლინგების ჩვენება. მას დასჭირდება ფიზიკურად გაძლიერება, არსებობს მეთოდები, რომ ფეხბურთელმა არ დაკარგოს მასის მომატების შემდეგ სიჩქარის თვისებები. კუნთების მასასა და სისწრაფეს შორის ბალანსი უნდა იპოვოს.
ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე მახსენდება. თინეიჯერობისას ჩანდა, რომ სუპერმოთამაშე იქნებოდა, მერე აღმოჩნდა, რომ ფიზიკურად მისი სისუსტე და ტრავმები პრობლემა იყო. ჩემს თვალწინ ეს მაგალითია. არ გამიკვირდება ხვიჩას კარიერაშიც იგივე პრობლემა ჰქონდეს. თუმცა, ხვიჩა ჩვენი მოთამაშეა, მას ისეთივე წარმატებას ვუსურვებ, როგორც ჩემს თავს“, - თქვა ბილიალეტდინოვმა.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ზაფხულში შეუერთდება და იტალიურ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.