„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ იტალიურ ტელეკომპანია Sky Sport-თან ინტერვიუშიც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, იმედი აქვს, რომ ძალიან კარგი ტრანსფერი განახორციელა.
„კვარაცხელია? იმედი მაქვს, რომ სუპერ ტრანსფერი გავაკეთე. ყველა ასპექტით „ნაპოლის“ ფეხბურთელია, ეს ეჭვგარეშეა“, - თქვა დე ლაურენტისმა.
„ნაპოლის“ პრეზიდენტმა ქართველ ფეხბურთელს უკვე მეტსახელიც შეარქვა. იტალიელებისთვის ხვიჩა კვარაცხელიას წარმოთქმა, იოლი სულაც არაა, თუმცა ნეაპოლური გუნდის მფლობელმა გამოსავალი მალევე მოძებნა და მას „ძიძი“ შეარქვა:
„კვარაცხელიას როგორ წარმოვთქვამთ? რამეს მოვიფიქრებ, როგორმე მეტსახელს შევარქმევთ, ჯორჯას ვერ დავარქმევ, ის უკვე იტალიელ მომღერალს ჰქვია. "ძიძი" იქნება, ცუდი არ არის (იღიმის)“, - აღნიშნა Sky Sport-თან დე ლაურენტისმა.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ზაფხულიდან შეუერთდება. ნეაპოლურ გუნდთან ის 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ამჟამად ხვიჩა „დინამო ბათუმში“ რჩება, რომლის მაისურით 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა.