ფეხბურთი

17:24 | 27.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "კვარაცხელიას "ნაპოლიში" ტრანსფერი ქართული ფეხბურთისთვისაც კარგი ნიშანია"

ბრატისლავის „სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა და საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ხვიჩა სერია A-ში თავს აუცილებლად გამოიჩენს და თუ საქმეს სწორად მიუდგება, დიდი საფეხბურთო კარიერა ელოდება.

„ხვიჩას შეუძლია სერია A-ში თავის გამოჩენა. მას რომ არ ჰქონდეს საჭირო თვისებები, მაშინ „ნაპოლი“ არ დაინტერესდებოდა. სამი წლის წინ საქართველოს ნაკრებში მე თვითონ მივეცი შანსი ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელს. ვიცი მისი სათამაშო თვისებები, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებას მიაღწევს. ვფიქრობ, „ნაპოლი“ მას ყიდულობს, რათა ინსინიეს ადგილზე შანსი მისცეს.

ეს დიდი ტრანსფერია. ხვიჩას „ნაპოლიში“ გადასვლა ძალიან კარგი ნიშანია მისთვის და ასევე, ქართული ფეხბურთისთვის. ხვიჩა ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, ჭკვიანია. თუ ის საქმეს სწორად მიუდგება, წინ დიდი კარიერა ელის. „ნაპოლისთვის“ შესანიშნავი შენაძენია. მას აქვს ინსინიეს მსგავსი თვისებები, რის გამოც იყიდეს“, - თქვა ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისმა ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებში პირველად 2019 წლის ივნისში, გიბრალტარის ნაკრების წინააღმდეგ ათამაშა. „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა კი დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ ზაფხულში მისი გუნდის პირველი ახალწვეული ქართველი ფეხბურთელი იქნება.

0.134415