ფეხბურთი

11:07 | 27.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "ჩვენთვის იდეალური შედეგი არაა, მაგრამ ცოცხლები ვართ"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის (3:4) შემდეგ ისაუბრა. იტალიელი მწვრთნელის განცხადებით, მისი გუნდისთვის იდეალური შედეგი არ დაფიქსირდა, მაგრამ საპასუხო შეხვედრის წინ ცოცხლები არიან და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი თანაბარია.

„იდეალური შედეგი არ არის, მაგრამ საპასუხო მატჩის წინ ცოცხლები ვართ. მშვენიერი მატჩი იყო, ცუდად დავიწყეთ, ორი გოლი გავუშვით, მაგრამ კარგი რეაქცია გამოვავლინეთ. მიმაჩნია, რომ საპასუხო მატჩის წინ ქამბექზე არ უნდა ვისაუბროთ. რთული იქნება, რადგან „სიტი“ შესანიშნავი გუნდია, მაგრამ, როგორც პსჟ-სა და „ჩელსის“ შემთხვევაში „სანტიაგო ბერნაბეუს“ მუხტი გვაიძულებს უფრო ყურადღებით ვითამაშოთ. ფინალში გასვლის საკითხი ისევ ღიაა.

ბენზემას პენალტი? წარმოდგენა არ მქონდა როგორ დაარტყამდა, კვირის განმავლობაში ვარჯიშობდა ასეთ დარტყმაზე, მე კი არასდროს მიფიქრია, რომ პენალტის შემსრულებელი შემეცვალა. ბენზემას აქვს ხასიათი და ხარისხი. ოქროს ბურთი? არ ვიცი, მოიგებს თუ არა, მაგრამ დღეს ნომერ პირველი ფეხბურთელია და ეს ეჭვგარეშეა.

შაბათს ლა ლიგის მოგება უნდა ვცადოთ, რადგან ეს დაგვეხმარება. გუნდმა იცის, როგორ უნდა ითამაშოს და მშვიდად უნდა ვიყოთ, საპასუხო მატჩს მოუთმენლად ველოდებით“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალისა“ და „მანჩესტერ სიტის“ საპასუხო მატჩი ესპანეთში 4 მაისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115852