ფეხბურთი

1:05 | 27.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთის ზეიმი და წლის თამაში მანჩესტერში

ალბათ არ იქნება გადაჭარბებული, თუ სეზონის საუკეთესო მატჩს ვუწოდებთ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრას „მანჩესტერ სიტისა“ და მადრიდის „რეალს“ შორის.

ეს იყო საფეხბურთო ზეიმი, ორი უმაღლესი კლასის გუნდის შეხვედრა, რომელშიც გულშემატკივარმა ყველაფერი იხილა. ყველაფერი ის, რის გამოც ფეხბურთი სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა.

„მანჩესტერ სიტიმ“ თამაში ძალიან აქტიურად დაიწყო და უკვე მე-11 წუთზე ორბურთიან უპირატესობას ფლობდა. ანგარიში კევინ დე ბრუინმა თავით გაიტანა, მერე კი გაბრიელ ჟესუსმა სხვაობა გააორმაგა. სიტის სულ მალე კიდევ შეეძლო მესამე გოლის გატანა, მაგრამ რიად მაჰრეზმა და ფილ ფოდენმა რეალური შანსები ვერ გამოიყენეს. სანაცვლოდ კი გოლი გაუშვეს ფერლან მენდის ჩაწოდებას კარიმ ბენზემა გამოეხმაურა და ერთი შეხებით შესანიშნავი გოლი გაიტანა. ფრანგმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უბრალოდ ბრწყინვალე ფორმაშია და „ოქროს ბურთის“ მთავარი კანდიდატი იქნება. პირველი ტაიმი ასე დასრულდა, მაგრამ მეორე ნახევარში არანაკლები ფეხბურთი გაჩაღდა.

ტაიმის დასაწყისში ფილ ფოდენმა შეაგდო და ორბურთიანი სხვაობა აღადგინა, თუმცა ორიოდ წუთში ვინისიუს ჟუნიორმა გაიბრწყინა, რომელმაც მეტოქის დაცვა გაარღვია და ულამაზესი გოლი შეაგდო. პეპ გვარდიოლას გუნდი უპირატესობას ფლობდა, სახიფათო მომენტებსაც ქმნიდა, რომელთაგანაც ერთი გამოიყენა - 74-ე წუთზე ბერნარდო სილვამ ფანტასტიკურად დაარტყა და 4:2. ინგლისელებმა ორბურთიანი უპირატესობა ისევ ვერ შეინარჩუნეს და ეს ბენზემას დამსახურებაა, რომელმაც ემერიკ ლაპორტის ხელით თამაშის გამო დანიშნული პენალტი გოლად აქცია, პანენკას სტილში დაარტყა და დუბლი გაიფორმა, რითაც სეზონში 41-ე გოლი გაიტანა.

ამრიგად, „მანჩესტერ სიტიმ“ 4:3 მოიგო, მაგრამ ცხადია, ყველაფერი ერთი კვირის შემდეგ, მადრიდში გადაწყდება, სადაც კიდევ ერთი საფეხბურთო ზეიმია მოსალოდნელი.

„მანჩესტერ სიტი“ – „რეალი“ 4:3 (2:1)

მანჩესტერი, „ეტიჰად სთედიუმი“

„მანჩესტერ სიტი“ (4-3-3): ედერსონი; სტოუნსი (ფერნანდინიო 36), რუბენ დიაში, ლაპორტი, ზინჩენკო; დე ბრუინი, როდრი, ბერნარდო სილვა, გაბრიელ ჟესუსი (სტერლინგი 83), ფოდენი

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

„რეალი“ (4-3-3): კურტუა; კარვახალი, მილიტაო, ალაბა (ნაჩო 46), მენდი; ვალვერდე, კროოსი, მოდრიჩი (სებალიოსი 79); როდრიგო (კამავინგა 70), ბენზემა, ვინისიუსი (ასენსიო 88)

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლები: 1:0 დე ბრუინი (2), 1:1 გაბრიელ ჟესუსი (11), 2:1 ბენზემა (33), 3:1 ფოდენი (53), 3:2 ვინისიუსი (55), 4:2 ბერნარდო სილვა (74), 4:3 ბენზემა (83, პენ)

გაფრთხილება: ფერნადინიო (81) - ნაჩო (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 16 (5) – 11 (5) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 5:3 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: იშტვან კოვაჩი (რუმინეთი)

0.381369