ფეხბურთი

18:55 | 8.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარცხიანი დასაწყისი

ევრო-2015-ის პირველი შესარჩევი ეტაპი საქართველოს ნაკრებმა მარცხით დაიწყო. არადა, ვიდრე ჩერნოგორიელები პირველ გოლს გაიტანდნენ, ამის საშიშროება არ ჩანდა. ოთხთა ტურნირის მასპინძლებს ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდათ და რეალური საგოლე მომენტებიც შექმნეს, მაგრამ როგორც წესი, მათი გამოყენებაა საჭირო. შედეგად, მასპინძლები “დაისაჯნენ” და ახლა ელიტ რაუნდში გასვლა ძალიან გართულდა.

მატჩის დებიუტში ჩერნოგორიელმა მცველებმა თავის საჯარიმოში ბურთი ცუდად მოიგერიეს და მათე კვირკვიამ ახლო მანძილიდან ანგარიშის გახსნის შანსი ხელიდან გაუშვა. ცოტა ხანში, ბორის ჩმილიანიჩი ქართველთა მეკარესთან პირისპირ გავიდა და ოთო გოშაძემ ბურთი ფეხით მოიგერია. ამის მერე, ზედიზედ ორჯერ ლუკა ზარანდია მარჯვენა ფრთაზე მცველს გასცდა და საჯარიმოს ფარგლებს გარედან დაარტყა, მაგრამ ჩერნოგორიელთა გოლკიპერმა ბურთი ხელებში დააფიქსირა.

ტაიმის შუაწელში, ოთარ კიტეიშვილმა მოწინააღმდეგის მეკარეს გიორგი ხარაიშვილი შეატოვა, რომლის დარტყმული მატია სარკიჩმა მოიგერია, ხოლო გადმოვარდნილი ბურთი ხელსაყრელ სიტუაციაში მყოფ ზარანდიას მიუვიდა, რომელმაც გოლის გატანის კარგი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, ხარაიშვილმა მარჯვენა მახვილი კუთხიდან ბურთი მიწაზე დაუშვებლად დაარტყა და ჩერნოგორიელთა მეკარემ ივარგა.

მალევე, მარცხენა ფლანგიდან ხარაიშვილის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმის მერე, ილია კერძევაძემ თავით დაარტყა და სარკიჩმა ბურთი ხელებში შეიმაგრა. საპასუხო შეტევის დროს, სმილიანიჩმა მარცხენა ფლანგზე ორ ქართველს გვერდი აუარა და საჯარიმოში შესულმა პასი ფილიპ კუკულიჩიჩს მისცა, რომელსაც გაგი მარგველაშვილი გადაეფარა, თორემ შესაძლოა ანგარიშიც გახსნილიყო. ტაიმის მიწურულს, ზარანდია მარჯვენა ფრთაზე ორ ჩერნოგორიელს გაექცა და უკან დააბრუნა ბურთი, რომელიც კიტეიშვილმა მახვილგონივრულად გაატარა, გიორგი კილასონიამ კი არაზუსტად დაარტყა.

მეორე ტაიმი მცირე ხნის განახლებული იყო, რომ გიორგი კილასონიას წამოწყებული კონტრშეტევა ზარანდიამ გააგრძელა, რომელმაც მარცხენა ფრთაზე კიტეიშვილი მოძებნა, ხოლო ამ უკანასკნელმა ერთ მცველი “მოატყუა” და საჯარიმოს გარედან ბურთი ზედა ძელს მოახვედრა. ცოტა ხანში, ხარაიშვილმა ჩერნოგორიელს ბურთი მისსავე საჯარიმოს სიახლოვეს აართვა და საუცხოო პოზიციიდან ბურთი მოწინააღმდეგის მეკარეს ვერ ააცილა.

მეორე ტაიმის შუაწელში, ჩერნოგორიელთა იშვიათი კონტრშეტევის დროს ზურაბ გელაშვილმა ფეხებში ვარდნით ანდელო რუდოვიჩი წააქცია და ჩეხმა მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც სმილიანიჩმა გამოიყენა – 0:1.

გოლის გატანიდან ათ წუთში, საჯარიმოში მარცხნიდან შესული ანდრია ვუკჩევიჩი გოშაძეს ბურთს თავს ზემოთ უგდებდა და მეკარემ ქართველების გოლის გაშვებისგან იხსნა. ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში, მარგველაშვილი უხეშად შეცდა თავის საჯარიმოს ახლოს და ოლივერ სარკიჩის დარტყმის მერე, ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.

მეორე გოლი საქართველოს ნაკრების კარში შეცვლაზე შესულმა ოლივერ სარკიჩმა გაიტანა, რომელმაც რუდოვიჩის მოწოდებული კუთხურის შემდეგ, ბურთს მიმართულება ქუსლით შეუცვალა და გოშაძემაც ახლო კუთხეში გაუშვა.

მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი გიორგი დევდარიანი ძალიან გაწბილებული იყო: “ შესაფასებელი მგონი არაფერია, წავაგეთ და ორი თამაში მოსაგები გვაქვს. ისე წავაგეთ, რომ მეტოქეს ფაქტობრივად კარში არ დაურტყამს. მცველების ჯიმი ტაბიძისა და გიორგი თევზაძის არყოფნა დაგვეტყო. როგორც პირველ, ასევე მეორე ტაიმში გოლის გატანის ბევრი შანსი გვქონდა. ფეხბურთი ასეა, როდესაც ვერ გაიტან, გაგიტანენ. ძალიან გაწბილებული ვარ და გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი. ორი თამაში უნდა მოვიგოთ. კვიპროსი და რუმინეთი უფრო კარგი გუნდებია ვიდრე ჩერნოგორია. ამ ბიჭებს, როდესაც 17-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდნენ, პირველი მატჩის შემდეგ ორი თამაში მოუგიათ და ელიტ რაუნდში გასულან. ბერიძის შეცვლა ტრავმით არ იყო გამოწვეული, მოედანზე ის თავისთვის გამოვიდა და არა იმისთვის, რაც გუნდს სჭირდებოდა”

ჩერნოგორიელთა მწვრთნელმა პრესკონფერენციის ჩატარებაზე უარი განაცხადა.

საქართველო – ჩერნოგორია 0:2 (0:0)

8 ოქტომბერი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.

საქართველო: გოშაძე, მალანია, მარგველაშვილი, ჩაბრაძე, გიორგი კილასონია, ხარაიშვილი, კიტეიშვილი, ზარანდია, კერძევაძე (კ) (რომან ჭანტურია, 51), გელაშვილი, კვირკვია (ბერიძე, 46, არაბიძე, 72).

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი.

ჩერნოგორია: მატია სარკიჩი, გრივიჩი, ბანოვიჩი, ნილოვიჩი, რუდოვიჩი, ლონკარი, ჩმილიანიჩი, ანდრია ვუკჩევიჩი, კოტორაჩი (სტეფან ვუკჩევიჩი, 46), კუკულიჩიჩი (მილოშევიჩი, 76), ვუინოვიჩი (ოლივერ სარკიჩი, 51).

მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრ მილიენოვიჩი.

გოლი: 0:1 სმილიანიჩი (64, პენ.), 0:2 ოლივერ სარკიჩი (81)

გაფრთხილება: კოტორაჩი (27), გელაშვილი (64), კილასონია (66), ოლივერ სარკიჩი (66), სმილიანიჩი (67), გრივიჩი (76), ზარანდია (82), მარგველაშვილი (85)

მთავარი მსაჯი: პეტრ არდელეანუ (ჩეხეთი)

0.288962