მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისი გუნდი პსჟ-სთან და „ჩელსისთან“ ფავორიტი არ იყო და ნახევარფინალში ყოფნა მათთვის სასიამოვნოა.
„კარგად ვარ, სასიამოვნოა ნახევარფინალში თამაში. როგორც ყველა მატჩი, ესეც ამაღელვებელია. ამჟამად ამ მომენტით ვტკბებით, რადგან ვიცით, რომ ლა ლიგაში კარგ მდგომარეობაში ვართ. ხვალ მღელვარება დაგვეხმარება, რომ უფრო კონცენტრირებული ვიყოთ.
გვარდიოლა დიდი მწვრთნელი და ნოვატორია. მისი გუნდები ყოველთვის კონკრეტული ტიპის ფეხბურთს თამაშობენ. გვარდიოლა ამ სპორტის პლუსია. როგორც მან თქვა, მწვრთნელი არ იგებს მატჩებს, ის უბრალოდ ამზადებს თამაშს. "რეალისთვის" ნახევარფინალი წარმატება არაა, ფინალში უნდა გავიდეთ და ამისთვის "სიტის" დამარცხებაა საჭირო. დაცვაში ძალიან კომპაქტურად და კონცენტრირებულად უნდა ვითამაშოთ.
ჩვენ აქამდე მოსასვლელად რთულ გუნდებს ვეთამაშეთ. ისინი, ვინც დავამარცხეთ, რეალთან შედარებით ფავორიტები იყვნენ. ბენზემა? ის ძალიან მოტივირებულია, „ოქროს ბურთის“ მოგების შესაძლებლობამ შესაძლებელია მას მეტი მოტივაცია მისცეს“, - თქვა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტისა“ და მადრიდის „რეალის“ მატჩი 26 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.