ფეხბურთი

1:25 | 25.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო ტონალის სიგიჟე რომში, "ნაპოლის" ფიასკო და "სალერნიტანას" გაცოცხლებული შანსი

სანდრო ტონალიმ კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, რომელმაც ვინძლო „მილანს“ 11-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტო მოაგებინოს და ჩემპიონობაში გარდამტეხი როლი ითამაშოს.

სტეფანო პიოლის გუნდი რომში, „ლაციოსთან“ მე-4 წუთზე ჩირო იმობილეს გოლით აგებდა და უქულოდ დარჩენა პრაქტიკულად სკუდეტოს გარეშე დარჩენასაც ნიშნავდა. თუმცა, მეორე ნახევარში „მილანმა“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოეგო და მოიგო კიდევაც. 50-ე წუთზე ოლივიე ჟირუმ გაათანაბრა და ლომბარდიელებმა მერეც ბევრი საგოლე მომენტი შექმნეს, თუმცა, გმირობა დღეს სანდრო ტონალის ეწერა. ნიჭიერმა იტალიელმა ნახევარმცველმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე ახლო მანძილიდან გაიტანა და ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ძნელი სათქმელია, საყრდენ ნახევარმცველს ცენტრფორვარდის პოზიციაზე იმ მომენტში რა უნდოდა, მაგრამ ფაქტია, სანდროს ინტუიციამ გაამართლა და სწორ მომენტში სწორ ადგილას მოხვდა.

„მილანმა“ ამ გამარჯვებით 74 ქულა დააგროვა და „ინტერს“ ისევ 2 ქულით გადაასწრო. მართალია, „ნერაძურის“ თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და პოტენციური ლიდერია, მაგრამ ფაქტია, რომ მომდევნო ოთხ ტურში მილანურ გრანდებს შორის დიდი ამბებია მოსალოდნელი. ამასთან, „ლაციოსთან“ ასეთი დრამატული მოგება სტეფანო პიოლის გუნდის მენტალურ მდგომარეობას ერთი-ორად აამაღლებს.

საჩემპიონო რბოლას საბოლოოდ ჩამოშორდა „ნაპოლი“, რაც შესაძლოა ლუჩანო სპალეტის სამსახურის დაკარგვად დაუჯდეს. უკვე იტალიურ მედიაში ხშირად წერენ, რომ აურელიო დე ლაურენტისი იტალიელი სპეციალისტის მუშაობით კმაყოფილი არაა და სულაც არაა გამორიცხული, ხვიჩა კვარაცხელიას მომდევნო სეზონში სპალეტისთან მუშაობა ნეაპოლურ გუნდში არც მოუწიოს. „ნაპოლი“ „ემპოლისთან“ მე-80 წუთამდე 2:0-ს იგებდა და იმდენი მოახერხა, რომ 2:3 წააგო! „აძურიმ“ 3 გოლი რვაწუთიან ინტერვალში გაუშვა და უქულოდ დარჩა. შედეგად, სკუდეტოზე ვეღარ იფიქრებს, რადგან ჩამორჩენა მილანურ გრანდებთან უკვე სოლიდურია, ოთხი ტურისთვის ძალიან სოლიდური. სხვათა შორის, სერია A-ს ისტორიაში მესამედ მოხდა, რომ გუნდი, რომელიც მე-80 წუთამდე ორბურთიანი სხვაობით აგებდა, გამარჯვებული დარჩა. „ემპოლიმდე“ იგივე 2005 წელს „ინტერმა“ („სამპდორიასთან“) და 2016 წელს „სამპდორიამ“ („სასუოლოსთან“) მოახერხა.

თუ სკუდეტოსთვის ბრძოლა ძალიან დაძაბულია, არანაკლები ვითარებაა გასავარდნ ზონაში. „ჯენოამ“ უშუალო კონკურენტ „კალიარის“ მილან ბადელის ერთადერთი გოლით მოუგო და 25 ქულა დააგროვა, რითაც ალექსანდერ ბლესინის გუნდს გადარჩენის რეალური შანსი გაუჩნდა. ცნობისთვის, იმავე „კალიარის“, რომელიც სამშვიდობო, მე-17 ადგილზეა, 28 ქულა აქვს.

საქმეშია „სალერნიტანაც“, რომელიც ერთი კვირის წინ განწირული იყო. თუმცა, ბოლო 7 დღეში სალერნოელებმა 3 თამაში მოიგეს! ზუსტად იმდენი, რამდენიც მანამდე 30 ტურში! „სალერნიტანამ“ საკუთარ მოედანზე, საოცარ ატმოსფეროში „ფიორენტინას“ 2:1 მოუგო, 25 ქულა დააგროვა და გადარჩენის რეალური ამბიცია აქვს. რაც მთავარია, დავიდე ნიკოლას გუნდს საკმაოდ იოლი კალენდარი აქვს, ყოველშემთხვევაში უშუალო კონკურენტებთან უწევს თამაში და ყველაფერი მის ხელთაა. საყურადღებოა ისიც, რომ კონკურენტებთან შედარებით თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. სხვათა შორის, „სალერნიტანამ“ თავის ისტორიაში პირველად მოახერხა სერია A-ში ზედიზედ 3 მატჩის მოგება.

სერია A-ს 34-ე ტური ორშაბათს, რეჯიო ემილიაში, „სასუოლოსა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრით დასრულდება.

„სალერნიტანა“ – „ფიორენტინა“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ჯურიჩი (9), 1:1 საპონარა (64), 2:1 ბონაცოლი (79)

„ემპოლი“ – „ნაპოლი“ 3:2 (0:1)

გოლები: 0:1 მერტენსი (44), 0:2 ინსინიე (53), 1:2 ჰენდერსონი (80), 2:2 პინამონტი (83), 3:2 პინამონტი (88)

„ბოლონია“ – „უდინეზე“ 2:2 (1:1)

გოლები: 1:0 ჰიკი (6), 1:1 უდოჯი (25), 1:2 საქსესი (46), 2:2 სანსონე (59)

„ჯენოა“ – „კალიარი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ბადელი (89)

„ლაციო“ – „მილანი“ 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 იმობილე (4), 1:1 ჟირუ (50), 1:2 ტონალი (90)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12329