„ტოიოტას“ კალე როვანპერამ ხორვატიის რალი მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატში ლიდერობა 29 ქულამდე გაზარდა. დაძაბულ ბრძოლაში, მან ბოლო ეტაპზე შეძლო ესტონელი ოტ ტანაკის ჩამოტოვება.
როვანპერა პარასკევიდან სათავეში მოექცა რბოლას, რომელიც ქალაქ ზაგრების შემოგარენში, წვიმის აკომპანიმენტით ჩატარდა. ტანაკთან მისმა უპირატესობამ თითქმის ნახევარ წუთსაც კი მიაღწია. მაგრამ ბოლოსწინა სპეცმონაკვეთზე, რომელიც ასფალტიან გზაზე ჩატარდა, ტანაკმა დაწინაურება შეძლო. ბოლო სპეცმონაკვეთის წინ, „ჰიუნდაის“ მრბოლი ფინელ მეტოქეს 1.4 წამს უგებდა.
მაგრამ საბოლოოდ, როვანპერამ შეძლო დაწინაურება და მეტოქე 4.3 წამით დაამარცხა. ტანაკი მეორე ადგილს დასჯერდა, მესამეზე კი ბელგიელი ტიერი ნოივილი (ჰიუნდაი) გავიდა.
„მთელი რბოლის განმავლობაში, თავი არ დამიზოგავს და ვფიქრობ, ეს გამარჯვება დავიმსახურეთ. გარწმუნებთ, ეს ჩემს კარიერაში უძნელესი გამარჯვება იყო“, - განაცხადა როვანპერამ, ვისაც სამი ეტაპის შემდეგ, 76 ქულა აქვს. მეორეზე 47 ქულით ნოივილია. 30 ქულით მესამე ადგილზე ირლანდიელი კრეიგ ბრინია (M-სპორტ ფორდი), ვინც ხორვატიის რბოლა მეოთხე ადგილზე დაასრულა.