ჩოგბურთი

0:26 | 25.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

სვიატეკმა ზედიზედ მეოთხე ტიტული მოიგო

იგა სვიატეკი შტუტგარტის „პორშეს“ საჩოგბურთო დიდი პრიზის ჩემპიონი გახდა. ფინალში მან 6-2, 6-2 დაამარცხა ბელარუსი არინა საბალენკა. პოლონელი ჩოგბურთელისთვის, ვინც ახლახანს მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდა, ეს ზედიზედ მოგებული მეოთხე ტურნირია.

20 წლის ჩოგბურთელმა ამ სეზონში პირველი ტიტული დოჰაში მოიპოვა, რასაც ინდიან ველსზე და მაიამის ტურნირზე გამარჯვება მოაყოლა. ნახევარფინალში მას ლუდმილა სამსონოვასთან ცოტა გაუჭირდა, მაგრამ საბალენკასთან შეხვედრაში, თავიდანვე დომინირებდა.

და მაინც, პირველი სეტი იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ანგარიშიდან ჩანს. იყო მომენტები, როდესაც საბალენკა მეტოქეზე ზეწოლას აძლიერებდა. მაგრამ საკუთარ მოწოდებაზე თამაში ვერ დაალაგა, რითაც კარგად ისარგებლა სვიატეკმა, ვინც ფინლში გამარჯვება საათსა და 24 წუთში მოიპოვა.

საფრანგეთის ღია პირველობის ყოფილმა ჩემპიონმა, შტუტგარტში გამარჯვებით „პორშესგან“ საჩუქრად ავტომობილი დაიმსახურა. საბალენკასთან მოპოვებული გამარჯვება, მისთვის ზედიზედ 23-ეა. ახალ რეიტინგში, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდება, მას 2 000 ქულაზე მეტი ექნება.

„ბევრი ვიშრომე იმისთვის, რომ თიხნარს სწრაფად შევჩვეოდი და ვამაყობ იმით, რომ ეს შევძელი. გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, ძალების აღდგენა ძნელი იყო, მაგრამ ჩემმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ფიზიკურად და მენტალურად მზად ვყოფილიყავი“, - განაცხადა სვიატეკმა.

აღსანიშნავია, რომ 2000 წლის შემდეგ, ზედიზედ მოპოვებულ გამარჯვებათა მასზე გრძელი სერია დებ უილიამსებს, ჟუსტინ ჰენინს და ვიქტორია აზარენკას ჰქონდათ.

0.147986