ქუთაისის „ტორპედოსთან“ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი გოლი გაიტანა და იტალიაში ეს ფაქტი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. „ნაპოლის“ გამო აპენინური მედია ხვიჩას ყურადღებით აკვირდება და მისი თამაშით აღფრთოვანებულებიც არიან.
„კვარაცხელიას კიდევ ერთი შოუ ბათუმში: სამი გოლი და მაგია, რომელიც „ნაპოლის“ ელოდება. სამი გოლი ოთხ თამაშში. და, თუ საქართველოს ჩემპიონატის დონე აშკარად დაბალია, დაბალი დონის არ არის ხვიჩა კვარაცხელიას თამაში, „დინამო ბათუმის“ ფანტაზისტა, რომელიც ცალი ფეხით ნეაპოლშია. გუშინ მან ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა და ისე თამაშობს, რომ აქედანვე შეუძლია „ნაპოლის“ ქომაგების გულში შეჭრა, რომლებიც მზად არიან მას მიესალმონ მომდევნო სეზონში“, - წერს გამოცემა ilmattino.
„კვარაცხელიას კიდევ ერთი სუპერ გოლი. შორეულ კუთხეში დაარტყა და ბურთი ძელისა და ხარიხის კვეთას შორის გავიდა. ხვიჩა კვარაცხელიამ კიდევ ერთი გოლი გაიტანა „ტორპედოსა“ და „დინამო ბათუმის“ მატჩში. შორეულ კუთხეში ინსინიეს სტილში. მან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 3:0 „დინამოს“ სასარგებლოდ, რომელიც ეროვნული ლიგის ლიდერის პოზიციაზე დარჩა. კვარაცხელიამ წინა მატჩში ორჯერ უკვე გაიტანა და ახლა კიდევ ერთი ლამაზი გოლი მიითვალა. ეს გოლი მის თვისებებზე მეტყველებს, ამ დროისთვის უკვე ცხადია, რომ ძალიან კარგი მარჯვენა ფეხი აქვს, ამიტომაც ითვლება ინსინიეს მემკვიდრედ. მას ასევე შეუძლია მარჯვნიდან თამაში, მაგრამ მარცხენა ფლანგზე, გარემარბის პოზიციაზე უკეთ თამაშობს, საიდანაც შეუძლია დრიბლინგი და კარში დარტყმა. ცხადია, კვარაცხელიას მოუწევს სერია A-სთან მორგება, რაც რა თქმა უნდა, უფრო რთულია, ვიდრე რუსულ და ქართულ ლიგებში თამაში, თუმცა, კარგი პერსპექტივა ჩანს, „ნაპოლის“ ტიფოზებიც იმედოვნებენ, რომ ინსინიეს სწორ მემკვიდრეს იპოვიან“, - წერს napolipiu.
„კვარაცხელიას კიდევ ერთი მარგალიტი. ის „ნაპოლიში“ გადასვლას ელის, მანამდე კი აგრძელებს დიდ შოუს საქართველოში. დუბლის შემდეგ მან კიდევ ერთი გოლი გაიტანა საქართველოს ჩემპიონატში და მისმა „დინამო ბათუმმა“ 3:0 მოიგო“, - წერს Calcionapoli 24.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან“ ზაფხულში 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მანამდე ის „დინამო ბათუმში“ ითამაშებს, რომლის მაისურით ჩატარებულ 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა.