ფეხბურთი

10:25 | 24.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

MARCA: მამარდაშვილი "ვალენსიის" აწმყოს და მომავლის მეკარეა!

„ვალენსიას“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის თამაში ესპანეთის თასის ფინალში, სევილიის "ბეტისის" წინააღმდეგ ესპანურმა მედიამ დადებითად შეაფასა.

გიორგიმ პენალტების სერიაში ხუთივე დარტყმა გაუშვა, მაგრამ სამაგიეროდ, მატჩის მეორე ტაიმში ხუანმის, ნაბილ ფეკირისა და ბორხა იგლესიასის ურთულესი დარტყმები მოიგერია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ თავის გუნდს დამატებით დროში თამაშის შანსი მისცა. ამიტომაც არის, რომ ისეთმა ავტორიტეტულმა გამოცემამ, როგორიც Marca გახლავთ, გიორგის ფინალის შემდეგ „ვალენსიას“ აწმყოსა და მომავლის მეკარე უწოდა.

„ქართველმა მეკარემ ვალენსიის ფარმ-კლუბში სათამაშოდ კონტრაქტს ხელი 2021 წლის ივნისში მოაწერა. უფრო მეტიც, ხელშეკრულების გაფორმების შესახებ არა პირველი გუნდის, არამედ მეორე გუნდის სოციალურ ქსელებში გამოცხადდა. ერთი წელიც არ გასულა და მან თასის ფინალში ძირითად შემადგენლობაში თამაში დაიწყო. და, სამი სეივით გადაარჩინა თავისი გუნდი. ორჯერ ძელმა და მამარდაშვილის სამმა შესანიშნავმა მოგერიებამ „ვალენსიას“ საშუალება მისცა დამატებით დრომდე მიეღწია. ის საქართველოდან მეორე გუნდში სათამაშოდ ჩამოვიდა და ფინალში ითამაშა. „მესტალიის“ აწმყოსა და მომავლის მეკარეა. ფუნდამენტური“, - წერს Marca.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში 18 მატჩი ჩაატარა, რვაჯერ კარის მშრალად შენახვა შეძლო. „ვალენსია“ 30 აპრილს, „ლევანტეს“ დაუპირისპირდება.

0.114175