პოლონელმა იგა სვიატეკმა შტუტგარტის ღია პირველობის ნახევარფინალში, რუსი ლუდმილა სამსონოვა 6-7(4), 6-4, 7-5 დაამარცხა და ზედიზედ მეოთხე ფინალში გავიდა, სადაც ბელარუს არინა საბალენკას დაუპირისპირდება. საბალენკამ 7-6, 6-4 მოუგო მსოფლიოს მეოთხე ჩოგანს, ესპანელ პაულა ბადოსას.
პოლონელს, ვინც ახლახანს მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდა, ფინალში გასასვლელად რთული ბრძოლა დასჭირდა. პირველ სეტში მან პირველი სამი გეიმი მოიგო, მაგრამ სამსონოვამ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა - 4-4. განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა მერვე გეიმი, რომელშიც პოლონლი 40-0 დაწინაურდა. მაგრამ სამსონოვამ, ვისაც რეიტინგში 31-ე ადგილი უკავია, ოთხი ბრეიკ პოინტი მოიგერია და გეიმი თავის სასარგებლოდ დაასრულა.
უფრო მეტიც, სამსონოვას მე-11 გეიმში კიდვ ერთხელ მიეცა მეტოქის გეიმის აღების შანსი, მაგრამ მისი გამოყენება ვერ შეძლო. საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც რუსმა შეძლო უპირატესობის მოპოვება. აღსანიშნავია, რომ მანამდე სვიატეკს ზედიზედ 28 სეტი ჰქონდა მოგებული.
მეორე სეტში დაძაბული ბრძლა გაგრძელდა. მეტოქეები საკუთარ გეიმებს არ თმობდნენ. ასე რვა გეიმის განმავლობაში გაგრძელდა. მაგრამ მეცხრე გეიმში სვიატეკმა საწადელს მიღწია, მომდევნოში თავისი გეიმი იოლად მოიგო და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.
გადამწყვეტ სეტში ორივეს დაღლა დაეტყო. ეს პირველ რიგში, მათს მოწოდებაზე აისახა. მათ ბრეიკები ორ-ორჯერ გაცვალეს. მეცხრე გეიმში სამსონოვას ბრეიკის და სეზონში პირველ ფინალში გასვლის შანსი მიეცა, მაგრამ პოლონელმა მისი გამოყენების საშუალება არ მისცა. ტავად აიღო მეტოქის მოწოდება და შეხვედრაც გამრჯვებით დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ სვიატეკს უკვე ზედიზედ 22 თამაში აქვს მოგებული, რამაც ყატარის, ინდიან ველსის და მიამის ტურნირებზე გამარჯვების საშუალება მისცა. ცნობისათვის, ქალ ჩოგბურთელებს შორის, ყველაზე გრძელი წაუგებელი სერია ამერიკელ მარტინა ნავრატილოვას, 1984 წელს ჰქონდა. მაშინ მან ზედიზედ 74 შეხვედრა მოიგო.