ბრიტანელმა ტაისონ ფიურიმ თანამემამულე დილიან უაითი ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიო კრივის საბჭოს (WBC) და „რინგ მეგზინის“ მძიმე წონის ჩემპიონის ტიტულები შეინარჩუნა. შეხვედრა უემბლის სტადიონზე გაიმართა და მას 96 000 მაყურებელი დაესწრო.
შეხვედრის ბედი მეექვსე რაუნდის ბოლო წამებზე გადაწყდა, როდესაც მეტოქეზე ერთი თავით მაღალმა ფიურიმ, უაითს აპერკოტი აგემა. პრეტენდენტმა წამოდგომა სცადა, მაგრამ „ჯიპსი კინგის“ მძიმე მუშტმა მას ძალა გამოაცალა.
უაითმა ბრძოლა ცაციას დგომით დაიწყო და მეტოქის მწყობრიდან გამოყვანა ამ ხერხით სცადა. თუმცა მაინც სიფრთხილეს იჩენდა და ჩემპიონს პრობლემებს ვერ უქმნიდა. ფიურიმ კი, სიმაღლეში უპირატესობის წყალობით, მეტოქეს რამდენიმე ჯები და კომბინაცია აგემა.
მეორე რაუნდში მეტოქეებმა დგომი შეცვალეს. ამჯერად ცაციათი ფიური მუშაობდა,
თუმცა ბევრი არაფერი შეცვლილა - ჩემპიონს მცირე უპირატესობა ჰქონდა. მანვე გრძელი ხელების უპირატესობა მესამე რაუნდშიც ადვილად გამოიყენა.
34 წლის უაითმა იგრძნო, რომ ასე ვერაფერს მიაღწევდა და მომდევნო რაუნდებში გააქტიურდა. მან რამდენიმე კარგი ზუსტი დარტყმა შეასრულა. მე-4 და მე-5 რაუნდებში პრეტენდენტი უფრო შედეგიანი იყო. მაგრამ მეექვსეში ჩემპიონმა ის დამანგრეველი აპერკოტი მარჯვენით შეასრულა.
უაითმა ათის დათვლამდე წამოდგომა სცადა, მაგრამ რეფერი მარკ ლაისონმა ხელები გაასავსავა, რაც იმის ნიშანი იყო, რომ ბრძოლა შეწყდა.