ფეხბურთი

21:57 | 23.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიამ ისევ გაიტანა: "დინამო ბათუმმა" ლამაზ საფეხბურთო გარემოში ლამაზი გოლებით მოიგო

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო ბათუმმა“ ეროვნული ლიგის პირველი წრე მაჟორულ ნოტაზე და ძალიან ლამაზი გამარჯვებით დაასრულა.

გია გეგუჩაძის გუნდმა ქუთაისში „ტორპედოს“ შესანიშნავი ფეხბურთით 3:0 აჯობა. თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ „რამაზ შენგელიას“ სტადიონის ტრიბუნები პრაქტიკულად სავსე იყო და ძალიან საფეხბურთო ატმოსფერო სუფევდა.

„დინამო ბათუმმა“ კი მეტოქეს ადვილად აჯობა. მოედანზე საუკეთესო ჯოვინო ფლამარიონი იყო, რომელმაც საწყის 25 წუთში დუბლი შეასრულა და პრაქტიკულად იმ დროისთვის გადაწყდა ყველაფერი. ბრაზილიელმა მიმდინარე სეზონი დიდებულად დაიწყო და 9 ტურში 9 გოლით ბომბარდირთა დავის ლიდერია. 64-ე წუთზე კი ჯოვინომ გოლებს საგოლე პასი დაუმატა და ამჯერად ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ზედიზედ მეორე შეხვედრაში. შეტევა ცალკე აღნიშვნის ღირსია. უფრო სწორედ, სწრაფი კონტრშეტევა, რომელიც ბათუმელებმა განახორციელეს და შეიძლება ითქვას, რომ კვარაცხელიას გოლი ძალიან ჰგავდა 2006 წლის მუნდიალის ნახევარფინალში, ალესანდრო დელ პიეროს მიერ გერმანიასთან გატანილ გოლს.

სხვათა შორის, ქუთაისელმა გულშემატკივარმა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მე-80 წუთზე შეცვალეს, მოედნიდან აპლოდისმენტებით გააცილეს. „დინამო ბათუმმა“ ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო და 22 ქულით პირველი წრის შემდეგ ერთპიროვნული ლიდერია, მომდევნო მატჩს კი 29 აპრილს, ბოლნისის „სიონთან“ ჩაატარებს. „ტორპედოს“ 11 ქულით მეშვიდე ადგილი უკავია, მომდევნო ტურში კი „დინამო თბილისს“ გაეჯიბრება.

ტურის დასკვნით შეხვედრაში თბილისის „საბურთალომ“ სტუმრად „თელავს“ შოთა ნონიკაშვილისა და ნოდარ ქავთარაძის გოლებით 2:0 მოუგო, 15 ქულა დააგროვა და „დინამო თბილისს“ გაუთანაბრდა, მესამე პოზიციაზე. საბურთალოელებს წინ „სამგურალთან“ თამაში ელით, ხოლო „თელავი“, რომელიც 10 ქულით მერვეა, „ლოკომოტივის“ უმასპინძლებს.

„თელავი“ – „საბურთალო“ 0:2 (0:1)

გოლი: 0:1 შ. ნონიკაშვილი (41), 0:2 ქავთარაძე (90)

„ტორპედო“ – „დინამო ბათუმი“ 0:3 (0:2)

გოლები: ჯოვინო (13), 0:2 ჯოვინო (25), 0:3 კვარაცხელია (64)

0.141488