საქართველოს ეროვნული ლიგის მეცხრე ტურში „დინამო თბილისმა“ მოულოდნელი მარცხი განიცადა, ხოლო თბილისის „ლოკომოტივმა“ ზედიზედ მეცხრე თამაში წააგო და კრიტიკულ სიტუაციაშია.
პირველი წრის დასკვნით შეხვედრაში კახა ცხადაძის გუნდი „დინამო არენაზე“ „გაგრას“ ნომინალური სტუმრის რანგში ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. 24-ე წუთიდან თბილისელები საბა ხვადაგიანის გაძევების შემდეგ რიცხობრივ უმცირესობაში თამაშობდნენ და ეს უპირატესობა „გაგრამ“ კარგად გამოიყენა. მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე გამარჯვების გოლი მათე კვირკვიამ გაიტანა.
შედეგად, „დინამო თბილისი“ 15 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 29 აპრილს, ქუთაისის „ტორპედოსთან“ ჩაატარებს, ხოლო „გაგრამ“ 11 ქულა დააგროვა და წინ „დილასთან“ მატჩი ელოდება. სხვათა შორის, "დინამოს" 4-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს - 3 ფრე, 1 წაგება.
თავის მხრივ, გორის „დილამ“ წყალტუბოში, „სამგურალს“ ვერაფერი დააკლო და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. გუნდებმა 90 წუთი უგოლოდ განვლეს. გორელთა აქტივში 19 ქულა და მეორე საფეხურზე არიან, ხოლო „სამგურალმა“ პირველ წრეში 11 ქულას მოუყარა თავი და მეორე წრეს 29 აპრილს, „საბურთალოსთან“ შეხვედრით დაიწყებს.
თბილისის „ლოკომოტივი“ ეროვნული ლიგის გამოკვეთილი აუტსაიდერია. სეზონის წინ ძირეული ცვლილებები და შემადგენლობის დასუსტება გუნდზე აშკარად აისახა და ამრიგად, პირველ წრეში თბილისელებმა ყველა თამაში წააგეს. ამჯერად შინ ბოლნისის „სიონთან“. გამარჯვებულთა შორის გოლები თომა ტაბატაძემ და ლუკა ხორხელმა გაიტანეს, ხოლო მასპინძელთა რიგებიდან ირაკლი ჭიაბრიშვილმა. „ლოკომოტივი“, რომელიც 0 ქულით ბოლო ადგილზეა, მომდევნო ტურში „თელავს“ შეხვდება, ხოლო „სიონი“ 9 ქულით მეცხრე პოზიციაზეა და მომდევნო მატჩს 29 აპრილს „დინამო ბათუმთან“ გამართავს.
„ლოკომოტივი“ – „სიონი“ 1:2 (1:1)
გოლები: 0:1 ტაბატაძე (13, პენ), 1:1 ჭიაბრიშვილი (35), 1:2 ხორხელი (53)
„სამგურალი“ – „დილა“ 0:0 (0:0)
„გაგრა“ – „დინამო თბილისი“ 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 კვირკვია (75)