მოჰამედ სალაჰმა განაცხადა, რომ „ლივერპულის“ დატოვება არ სურს. ეგვიპტელ ფეხბურთელს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წელს ეწურება, მის განახლებაზე კი მხარეები ვერ თანხმდებიან.
ამიტომ, შესაძლოა, „ლივერპულმა“ დამდეგ ზაფხულს სალაჰის შესახებ წინადადებები განიხილოს. როგორც 29 წლის შემტევმა აღნიშნა, პრობლემა ფულში არაა და კონტრაქტის განახლებას ფინანსური საკითხი არ აფერხებს.
„არ ვიცი, რა იქნება. ხალხმა იცის, რომ დარჩენა მინდა, მაგრამ ამ ყველაფერს ფულთან საერთო არაფერი აქვს. ვნახოთ, რა მოხდება, მთავარია, სეზონი საუკეთესოდ დავასრულოთ და მერე ვნახოთ რა შეიძლება მოხდეს. მომდევნო სეზონშიც აქ ვიქნები თუ ჩემს გაშვებას არ გადაწყვეტენ. ვიცი, რომ ხალხს ვუყვარვარ, სტადიონზე არის ბანერები, ხალხი მღერის, ჩემს სახელს სკანდირებს. ძალიან სამწუხარო მომენტი იქნება, თუ აქაურობასთან დამშვიდობება მომიწევს“, - თქვა სალაჰმა.
შეგახსენებთ, მოჰამედ სალაჰი „ლივერპულმა“ 2017 წლის ზაფხულში „რომადან“ შეიძინა. მას შემდეგ ეგვიპტელმა შემტევმა ინგლისურ გუნდში 245 თამაში ჩაატარა და 155 გოლი გაიტანა.