კილიან მბაპეს მადრიდის „რეალში“ გადასვლის საკითხი ისევ აქტუალურია. ფრანგ ფეხბურთელს „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი ჯერ კიდევ არ გაუხანგრძლივებია და „სამეფო კლუბის“ მიზანი უცვლელია - მბაპე უფასოდ დაიმატოს.
L’Equipe-ს ინფორმაციით, მბაპეს სახელი კარლო ანჩელოტის მოთხოვნების სიაში პირველია და სწორედ მის გარშემო აპირებს მომავალში კონკურენტუნარიანი გუნდის აშენებას.
RMC Sport-ი იტყობინება, რომ მბაპეს ოჯახი, მომავალ კვირაში მადრიდში გაემგზავრება, სადაც ფეხბურთელის იმიჯის უფლებებზე ისაუბრებს. ამავდროულად, პსჟ ჯერ კიდევ ცდილობს კონტრაქტის განახლებას, ხოლო მბაპეს ოჯახს სურს ორივე მხარეს მოუსმინოს, მიიღოს ყველა ინფორმაცია და შეთავაზება, ბოლოს კი გადაწყვეტილება უშუალოდ მბაპემ უნდა მიიღოს.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე „პარი სენ ჟერმენმა“ 2017 წელს „მონაკოდან“ დაიმატა, მაგრამ მას შემდეგ მასთან კონტრაქტის განახლება ვერ შეძლო, რომელიც 2 თვეში იწურება.