სხვა

10:22 | 22.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

პირველად ისტორიაში: ქართველმა მოკრივეებმა ევროპის ჩემპიონატზე 2 ოქროს მედალი მოიპოვეს

პირველად, ქართული კრივის ისტორიაში, საქართველოს ახალგაზრდულ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 6 მედალი მოიპოვა. ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ქართველმა სპორტსმენებმა: 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს.

უმაღლესი კატეგორიის სინჯის მედლებს 51 კილოგრამ წონით კატეგორიაში გორ აივაზიანი და 63.5 კილოგრამში დემურ ქაჯაია დაეუფლნენ.

აივაზიანმა ნახევარფინალში აზერბაიჯანელი, ხოლო ფინალურ ორთაბრძოლაში ალბანელი მოკრივე დაამარცხა. ქაჯაიამ, ნახევარფინალში ჯერ ინგლისელ, ოქროს მედლისთვის ბრძოლაში კი მოლდოველ მეტოქეს აჯობა. ორივე მათგანს საბოლოო გამარჯვებამდე 5 ორთაბრძოლის ჩატარება მოუხდათ.

">https://www.youtube.com/watch?v=GgnAEBTyNNo]

(აივაზიანის ფინალური შეხვედრა - 30 წუთიდან, ქაჯაიას ფინალი 1:04:09-დან.

ფილანში გასვლა მოახერხა 75 კილოგრამში მოასპარეზე თათია ბუკიამ, თუმცა, საბოლოოდ ვერცხლის მედალს დასჯერდა.

საქართველოს მოკრივეთა ნაკრებს ბრინჯაოს მედლები 48 კილოგრამში თამარ სამელიამ, 60 კილოგრამში გოჩა გორდულავამ და 75 კილოგრამში საბა კვინიკაძემ მოუტანეს. ჩვენი ქვეყანა ტურნირზე 13 სპორტსმენით გამოდიოდა.

მოკრივეები სამშობლოში დღეს დაბრუნდნენ და აეროპორტში მათ გულშემატკივრები, ოჯახის წევრები და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ.

0.116078