ავტოსპორტი

3:18 | 22.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

პერესი ფ1-ს დატოვებს, თუ რბოლების რიცხვი გაიზრდება

„რედ ბულის“ მექსიკელი მრბოლი სერხიო პერესი ამბობს, რომ ფორმულა 1-ს დატოვებს, თუ კალენდარში რბოლების რიცხვი კვლავ გაიზრდება. ის ამბობს, რომ ეტაპების რიცხვის ზრდა, ფორმულა 1-ის პოპულარობაზე დადებითად აისახება, რადგან რბოლების დასწრების საშუალება, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ადამიანებს ეძლევათ.

მაგრამ პერესი თვლის, რომ ბევრი რბოლა, პილოტების და გუნდების მომსახურე პერსონალის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ გადაღლას, გამოფიტვას იწვევს. პერესის თქმით, მისთვის 23 რბოლა ის ზღვარია, რომლის იქითაც, ფ1-ში დარჩენას ვეღარ შეძლებს.

მიმდინარე სეზონის კალენდარში სწორედ 23 რბოლა შედის. რუსეთის ეტაპი ამოვარდა, მაგრამ მის ადგილს, აუცილებლად სხვა რბოლა დაიკავებს. გასულ სეზონში 22 რბოლა ჩატარდა.

„ფორმულა 1 სულ უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭს. მე ამას მსოფლიოს ყველა კუთხეში ვამჩნევ. მაგრამ მეორე მხრივ, რბოლების რიცხვის უკონტროლო ზრდა დაუშვებელია. ასეა ჩემთვის. რბოლების რიცხვი თავისუფალ დროს აღარ გვიტოვებს. ყოველი ეტაპის წინ, სიმულატორებზე სესიებს ვატარებთ. პარტნიორებს ვხვდებით. ამიტომ, თავისუფალი დრო აღარ გვრჩება არც ოჯახებისთვის და არც საკუთარი თავისთვის. მე ორი შვილი მყავს. ისინი პატარები არიან, მალე მესამე მეყოლება. ამიტომ, თუ კალენდარი ისევ გაფართოვდება, ამ საქმეს თავს დავანებებ“, - ამბობს პერსი.

0.114298