ფეხბურთი

1:05 | 22.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

Mundo Deportivo: "მამარდაშვილი "ვალენსიას" მოულოდნელი იმედია"

ესპანურმა გამოცემა Mundo Deportivo-მ გიორგი მამარდაშვილს ვრცელი სტატია მიუძღვნა, რომლის სათაური თავისთავად უკვე მრავლისმეტყველია - „მამარდაშვილი, „ვალენსიას“ მოულოდნელი იმედი“.

„ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი გასულ წელს უკანა კარიდან ჩამოვიდა და „ვალენსიას“ მოულოდნელი იმედი გახდა კოპა დელ რეის ფინალში, რომელიც შაბათს „ბეტისის“ წინააღმდეგ გაიმართება. მანუელ პელეგრინის გუნდის შემტევი ძალა იმაზე მეტყველებს, რომ მესტალიელების ბედი დიდწილად მამარდაშვილის ხელში იქნება, რომელიც უკვე არის „ვალენსიას“ მომავლის ქვაკუთხედი.

მამარდაშვილი „ვალენსიაში“ გასული წლის ივნისში ჩავიდა, მაგრამ მეორე გუნდში სათამაშოდ. ანუ, ის, ვინც მეხუთე დივიზიონის მეკარე უნდა ყოფილიყო, განსაკუთრებული მოულოდნელობის გარდა, ესპანეთის თასის ფინალში ძირითად შემადგენლობაში იქნება. ქართველი გუნდში „დინამო თბილისიდან“ იჯარით დაიმატეს, ერთი მილიონი ევროს სანაცვლოდ შეძენის ოფციით. „ვალენსიამ“ მისი ტრანსფერი მხოლოდ ახალგაზრდული გუნდის სოციალურ ქსელებში გამოაცხადა.

იასპერ სილესენის, ხაუმე დომენეკისა და კრისტიან რივეროს შემდეგ ის მეოთხე მეკარე უნდა ყოფილიყო, მაგრამ მისმა კარგმა პრესეზონში და კონკურენტების ტრავმებმა მოსამზადებელ პერიოდში ლა ლიგის დასაწყისში კარი მისთვის გააღო.

მამარდაშვილი კარგად თამაშობდა. მაგრამ ბორდალასმა სილესენი მანამდე დაარწმუნა, რომ ის იყო ძირითადი მეკარე, რათა დაერწმუნებინა, რომ ზაფხულში გუნდი არ დაეტოვებინა. მწვრთნელმა პირობა შეასრულა და სასტარტო 6 მატჩის შემდეგ სილესენი შემადგენლობაში დააბრუნა.

„ვალენსიამ“ დეკემბერში გამოსყიდვის ვარიანტი გააქტიურა, თუმცა უფრო დაბალ ფასად (850 000 ევროდ). მაგრამ მას სათამაშო დრო აღარ ჰქონდა, რადგან ბორდალასი თასზე ხაუმეს ათამაშებდა. თუმცა, შემდეგ ტრავმებმა ყველაფერი შეცვალა. სილესენმა ტრავმა მიიღო, ბორდალასმა ლა ლიგაში ხაუმე ათამაშა, მაგრამ ის დამაჯერებელი არ იყო და თასის ნახევარფინალის წინ მწვრთნელმა ისევ მამარდაშვილს უხმო.

მისმა შესანიშნავმა სეივებმა „ბილბაოსთან“ და ლა ლიგაში კარგმა მატჩებმა (ბოლო 8 მატჩში მხოლოდ 4 გოლი გაუშვა), როგორც ჩანს ბორდალასს გადააწყვეტინა, რომ ის „ვილიარეალთან“ როტაციაში ჩაერთო, რათა შესაძლო ტრავმისგან დაეცვა. ახლა „ვალენსია“ მის ხელშია“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა და 8-ჯერ კარი მშრალად შეინახა. ესპანეთის თასის ფინალი 23 აპრილს, სევილიაში გაიმართება.

0.150768