ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფში მესამე შეხვედრა ჩაატარა და მიჯრით მესამე გამარჯვება მოიპოვა „ფილადელფია სიქსერსმა“. დოკ რივერსის გუნდს გასული 2 მატჩისგან განსხვავებით, რომლებიც ჯერ 20-ქულიანი, შემდეგ კი 15-ქულიანი სხვაობით იმარჯვა, გაუჭირდა და საბოლოო შედეგის დაფიქსირებამდე ოვერტაიმი დასჭირდა.
„ტორონტო რეპრორსმა“ ნამდვილად იბრძოლა. ნიკ ნერსის შეგირდებმა ყველაზე კარგად პირველი პერიოდი ჩაატარეს, როდესაც მეტოქეს 10 ქულით აჯობეს. მეორე მეოთხედი კი თანაბარი ანგარიშით - 27-27 მორჩა და კანადელებმა 10 ქულიანი ფორა მეორე პერიოდის სტარტამდე შეინარჩუნეს.
უნდა აღნიშნოს, რომ მესამე პერიოდსა და დასკვნით მეოთხედშიც უკეთ „რეპტორსის“ მოთამაშეები გამოიყურებოდნენ. „ფილადელფიამ“ ანგარიშში წინ გასვლა ვერც ბოლო მეოთხედში მოახერხა. მათი მაქსიმუმი 5-ჯერ თანაბარი ანგარიშის დაფიქსირება იყო, 95:95-ზე კი ოვერტაიმი დაინიშნა, რომელიც "ფილამ" 9:6 მოიგო. სწორედ დამატებით 5-წუთეულში გავიდა პირველად წინ რივერსის გუნდი. მაშინ როდესაც დროის ამოწურვამდე 3:27 წუთი რჩებოდა. შეხვედრის გმირი კი ჯოელ ემბიდი გამოდგა, რომელმაც დროის ამოწურვამდე 0.8 წამით ადრე სამქულიანი ჩააგდო და საკუთარ გუნდს 104:101 მოაგებინა.
კამერუნელმა ცენტრმა 33 ქულით, 13 მოხსნით, 2 პასითა და 1 დაფარებით ორმაგი დუბლი გაიფორმა. უნდა ითქვას ისიც, რომ გასულ 2 შეხვედრაშიც ორმაგი დუბლი ჰქონდა. პირველ ჯერზე 19 ქულა და 15 მოხსნა, ხოლო მეორე მატჩში 31 ქულა და 11 მოხსნა. მან 20-დან 12 დარტყმა ზუსტად გამოიყენა. 8-დან 3 სამქულიანი, 12-დან 9 ორქულიანი და 9-დან 6 საჯარიმო.
აღსანიშნავია, რომ როდესაც ემბიდი ბურთს ეხებოდა, დარბაზში მყოფი 19 800 გულშემატკივარი მას უხამსი შეძახილებით მიმართავდა თუმცა, ამას მასზე დიდი გავლენა არ მოუხდენია. ჯოელს არ უღიარებია, მაგრამ ყველა მატჩი „ტორონტოს“ წინააღმდეგ შურისძიებაა 2019 წელს განცდილი მარცხისთვის, როდესაც კავაი ლეონარდმა და კამპანიამ პლეი ოფის სერიის მე-7 შეხვედრაში მოახერხა „ფილადელფიას“ დამარცხება.
მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა შესაძლოა პლეი ოფის წინ გახდა აქტუალური, ემბიიდი ამტკიცებდა, რომ ახლა მის გონებაში შურისძიება კი არა, მხოლოდ გამარჯვებისკენ სწრაფვაა.
''მთელი ამ სერიის განმავლობაში მე ნამდვილად არ მიფიქრია აქ ჩამოსვლაზე და შურისძიების მცდელობაზე. ვფიქრობ, რომ უფრო მეტად ვარ ორიენტირებული, რადგან მოვიგო და ჩემპიონობის მოსაპოვებლად გზა განვაგრძო“, - განაცხადა ემბიდმა.
კამერუნელს მხარი თანაგუუნდელთაგან ჯეიმს ჰარდენმა აუბა. 32 წლის მცველმა 19 ქულა, 6 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა გამოიმუშავა. ბაბუაწვერამ "ბრუკლინ ნეტსის" დატოვების შემდგომ ახალ გუნდს ფეხი კარგად აუბა და გულშემატკივარიც კმაყოფილია.
ტორონტოდან ყველაზე შედეგიანი 26 ქულით, 5 მოხსნითა და 4 პასით ოუ ჯი ანუნობი იყო. ბრიტანელმა ფორვარდმა 9-დან 4 სამქულიანი, 9-დან 4 ორქულიანი და 9-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. 24 ქულა ჰქონდა გარი ტრენტს, ხოლო ნიგერიელმა აჩიუვამ 20 ქულა მიითვალა.
აქვე გეტყვით, რომ „რეპტორსმა“ 2019 წლის NBA-ს ფინალის მე-5 თამაშის შემდეგ, რომელიც „გოლდენ სტეიტ უორიორზის“ წინააღმდეგ ჩაატარა, პირველად უმასპინძლა პოსტსეზონის თამაშს. მაშინ ის თამაში „გოლდენმა“ მოიგო, მაგრამ კევინ დურანტმა აქილევსის მყესი დაიზიანა და „რაპტორსმა“ სერიის მე-6 თამაშის მოგება მოახერხა და ჩემპიონობაც იზეიმა.
“ტორონტო რეპტორსისა“ და „ფილადელფიას მე-4 დაპირისპირება 23 აპრილს გაიმართება და ვინ იცის, იქნებ „ფილასთვის ეს შანსი იყოს, რომ შემდეგ მეტოქეს უფრო დასვენებული შეხვდეს, რადგან სერიის მოგებამდე მხოლოდ 1 გამარჯვება აშორებს.