სხვა

0:34 | 21.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბეტერბიევი რუსეთზე უარს ამბობს და კანადელი ხდება

ქვემძიმე წონაში (79 კგ) IBF-ის და WBC-ს ჩემპიონი არტურ ბეტერბიევი, ამერიდან რუსეთის ნაცვლად, კანადის დროშით იასპარეზებს. კანადა მისთვის ბუნებრივი არჩევანია, რადგან ამჟამად მონრეალში ცხოვრობს და ვარჯიშობს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ისეთმა პრესტიჟულმა საკრივო გაერთიანებებმა, როგორებიცაა WBC, IBF და IBO, რუს და ბელარუს ათლეტებზე, ლიცენზიების გაცემა შეწყვიტეს. შესაბამისად, ბეტერბიევს ქვეყნის შეცვლა დასჭირდა.

WBC-ს (კრივის მსოფლიო საბჭო) პრეზიდენტმა მაურიციო სულაიმანმა გამოაცხადა, რომ საბჭო არც რუსეთში და ბელარუსში გამართავს ბრძოლებს და არც რუს და ბელარუს მოქალაქეებს მისცემს საკუთარი ორგანიზაციის სახელით ასპარეზობის უფლებას.

ბეტერბიევი ამჟამად ტიტულების გამაერთიანებელი ბრძოლისთვის ემზადება, რომელშიც მის წინააღმდეგ, WBO-ის ჩემპიონი ჯოი სმიტ უმცროსი დადგება. შეხვედრა ივნისში, ნიუ იორკში არის დანიშნული.

მექსიკელი სულაიმანი ამბობს, რომ ბეტერბიევი უკვე 15 წელია, კანადაში ცხოვრობს და ვარჯიშობს. მისი შვილებიც კანადაში დაიბადნენ და იზრდებიან. უფრო მეტიც, მას აქვს კანადის პასპორტი და საკრივო ლიცენზიასაც კანადა აძლევს.

სულაიმანი ასევე ამბობს, რომ WBC-ს სხვადასხვა წონაში, რუსეთიდან რამდენიმე „ვერცხლის“ ჩემპიონი ჰყავს. მათ ტიტულების დაცვის საშუალება არ მიეცემათ. იმავდროულად, WBA (მსოფიო კრივის ასოციაცია) რუს მებრძოლებს, რუსეთის სახელით ასპარეზობის უფლებას არ აძლევს. გარდა ამისა, წარდგენისას მათი ქვეყანა არ დასახელდება და არც რუსეთის ჰიმნს გააჟღერებენ.

სწორედ დროშის და ჰიმნის გარეშე მოუწევს რინგზე გამოსვლა ყირგიზული წარმოშობის რუს დმიტრი ბივოლს, ვინც WBA-ის ქვემძიმე წონის ტიტულის დასაცავად, 7 მაისს მექსიკელ კანელო ალვარესს ლას ვეგასში დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112364