მადრიდის „რეალი“ ლონდონის „ჩელსის“ მცველის, ანტონიო რიუდიგერის ტრანსფერზე მუშაობს. აღნიშნულ ინფორმაციას Marca ავრცელებს.
წყაროს თანახმად, „სამეფო კლუბს“ გერმანელი ფეხბურთელის უფასოდ გადაბირება სურს. რიუდიგერს „ჩელსისთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და მხარეები მის განახლებაზე ვერ თანხმდებიან.
რიუდიგერი ახალი კლუბისგან 4-წლიან კონტრაქტს და ამ დროის განმავლობაში 55 მილიონი ევროს ხელფასს ითხოვს. ფეხბურთელით „რეალის“ გარდა, „იუვენტუსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ არიან დაინტერესებული, მაგრამ მან „წითელი ეშმაკების“ შეთავაზება უკვე უარყო.
სწორედ ამის შემდეგ ანტონიოს აგენტი „რეალს“ დაუკავშირდა და შესაძლო ტრანსფერის დეტალები განიხილეს.
შეგახსენებთ, რომ ანტონიო რიუდუგერი „შტუტგარტის“ აღზრდილია, შემდეგ „რომაში“ ითამაშა, ხოლო 2017 წლიდან „ჩელსის“ ღირსებას იცავს და 196 თამაშში 12 გოლი აქვს გატანილი.