კალათბურთი

12:00 | 20.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

"პელიკანსის" მცირე სასწაული: სერიაში ანგარიში გათანაბრდა და "სანსი" ლიდერის გარეშე დარჩა (+VIDEO)

NBA-ს პლეი ოფი საინტერესოდ გრძელდება. გამთენიას 3 შეხვედრა გაიმართა და ყველაზე მოულოდნელი შედეგი „ფინიქს სანსისა“ და „ნიუ ორლეანს პელიკანსს“ შორის დაფიქსირდა.

უილი გრინის გუნდმა სასწაული მოახდინა და ეს შედეგზეც აისახა. მატჩი სწორედ მათი მცირე უპირატესობით დაიწყო, რომელიც 30:28 მოიგო, თუმცა მეორე პერიოდში „სანსმა“ 7 ქულიანი სხვაობით 33:26 იმარჯვა და შესვენებაზე 61:56 ანგარიშით გავიდა.

მეორე ტაიმიდან „ნიუ ორლეანის“ მოთამაშეებმა საგრძნობი უპირატესობა მოიპოვეს. მესამე პერიოდი 12, ხოლო მატჩი 11 ქულიანი სხვაობით 125:114 მოიგეს და სერიაში ანგარიში გაათანაბრეს. აღსანიშნავია, რომ „პელიკანსმა“2018 წლის შემდეგ პლეი ოფში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა ბრენდონ ინგრამმა. 24 წლის ფორვარდმა 37 ქულა, 11 მოხსნა, 9 პასი დააგროვა და სამმაგ დუბლამდე მხოლოდ ერთი შედეგიანი გადაცემა დააკლდა. ამერიკელ კალათბურთელს სამქულიანების 100%-იანი შედეგი ჰქონდა. მან შორიპერიმეტრიდან 3-დან 3 ჩააგდო. 21-დან 13 ორქულიანი და 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. მან ამ მონაგარს 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაც მიამატა. +- მაჩვენებელი კი +18-ს გაუტოლდა.

გამარჯვებულთა გუნდიდან ინგრამის გარდა კარგი მატჩი ჰქონდა სი ჯეი მაკკოლუმს. 30 წლის მცველმა 23 ქულა, 8 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

უნდა ითქვას, რომ გასული სეზონის ფინალისტმა გუნდმა შეხვედრის მსვლელობისას დიდი დანაკლისი მიიღო და ეს შედეგიც ფაქტიურად ამიტომ დადგა. დევინ ბუკერი, რომელსაც 31 ქულა, 2 მოხსნა და 1 ფპასი ჰქონდა, ბარძაყის ტრავმა მიიღო და ბოლო პერიოდში გუნდს ვერ დაეხმარა. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენად სერიოზულია ტრავმა და რამდენი გაუცდება 25 წლის მცველს.

დევინმა 11-დან 7 სამქულიანი, 8-დან 5 ორქულიანი ჩააგდო და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც მხოლოდ ერთ ტაიმში ორჯერ ჩააგდო მინიმუმ 30 ქულა და 7 სამქულიანი. მსგავსი შედეგი მან გასულ წელს „ლოს ანჯელეს ლეიკერსთან“ პლეი ოფის მე-6 შეხვედრაში დააფიქსირა.

17 ქულა , 1 მოხსნა და 14 პასი ჰქონდა კრის პოლს, მასზე მეტი კი მიკალ ბრიჯესმა ჩააგდო, რომლის ანგარიშზეც 19 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა იყო.

ამრიგად, სერიაში ანგარიში გათანაბრდა. პლეი ოფის მესამე შეხვედრა კი 23 აპრილს, ნიუ ორლეანში გაიმართება.

0.109923