ფეხბურთი

1:22 | 20.04.2022 | ნანახია 1371 - ჯერ

ორი მატჩის ჯამში 9:0! "ლივერპულმა" "მანჩესტერი" ისევ გაანადგურა

„ლივერპული“ სეზონის ფინალურ ნაწილს უბრალოდ ფანტასტიკურ ფორმაში შეხვდა და პრემიერლიგაში უკვე 13 ტურია არ დამარცხებულა. უფრო მეტიც, მიმდინარე წელს, იურგენ კლოპის გუნდი დაუმარცხებელია ინგლისის ჩემპიონატში და ბოლოს 29 დეკემბერს, „ლესტერთან“ წააგო.

„წითლებმა“ „ენფილდზე“ დაუძინებელი მტერი, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მიიღეს და 4:0 გაანადგურეს. „ლივერპულის“ უპირატესობა ძალიან დიდი იყო და თითო ტაიმში ორ-ორი გოლი გაიტანა. დუბლი შეასრულა მოჰამედ სალაჰმა, თითოჯერ ლუის დიასმა და სადიო მანემ გაიტანეს.

გავიხსენოთ, რომ პირველ წრეში „ოლდ ტრაფორდზე“ „ლივერპულმა“ „მანჩესტერი“ 5:0 გააცამტვერა და გამოვიდა, რომ მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში მთავარ მეტოქეს ორი მატჩის ჯამში 9:0 აჯობა, რაც თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს.

არ უთამაშია კრიშტიანუ რონალდუს, რომელიც „ენფილდის“ პუბლიკა თამაშის მეშვიდე წუთზე აპლოდისმენტებით და სიმღერით, „შენ არასოდეს იქნები მარტო“, გაამხნევეს.

„ლივერპულმა“ ამ გამარჯვებით 76 ქულა დააგროვა და „მანჩესტერ სიტის“ 2 ქულით გადაასწრო, მაგრამ პეპ გვარდიოლას გუნდს თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

„ლივერპული“ – „მანჩესტერი“ 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 ლუის დიასი (5), 2:0 სალაჰი (22), 3:0 მანე (68), 4:0 სალაჰი (85)


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:33 | 20.04.2022
alexpool (563)

მახსოვს შენი პროგნოზი,ატლეტიკო და ჩელსი გაიყვანე,ანუ ინგლისურ-ესპანური დაპირისპირებები გამაზე,ამჯერადაც გამაზავ!ისე.რაღაც პონტში მართალია,ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია და გუნდებს 1,2 და 1,4 აქვთ კოეფიციენტი,რაც ძალიან ცოტაა.ნეიტრალური რომ ვიყო მეც მასე ვიფიქრებდი!შეიძლება პირველი თამაში ვერცერთმა ვერ მოიგოს,მაგრამ ფინალში გავლენ.წელს სიტი-ლივერპულის ფინალი გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკასავითაა!

18:49 | 20.04.2022
KoRBeN DaLLaS (24827)

ობიექტურობისთვის ისიც გეთქვა რომ ვილიარეალი გავიყვანე ბავარიასთან ))
პროგნოზები რომ ჩემი ძლიერი მხარე არაა, ამას არც არასდროს უარვყოფდი.

08:43 | 20.04.2022
KoRBeN DaLLaS (24827)

სიმართლე გითხრათ, ლივერპულის ჩემპიონობის უფრო მჯერა, ვიდრე მის მიერ ვილიარეალის ბარიერის გადალახვის.
არა, წესით ორივე უნდა მოახერხოს, მაგრამ... ეს წითელ-ყვითლების ნახევარფინალური ჯახი უცნაურობის მოლოდინს მიჩენს.
სხვათაშორის, წითელი და ყვითელი ფერები ერთმანეთში რომ ავურიოთ... განავლისფერი გამოდის ))

0.13091