„ინტერმა“ მილანური დერბი მოიგო და იტალიის თასის პირველი ფინალისტი გახდა. სიმონე ინძაგის გუნდმა სტეფანო პიოლის გუნდს აშკარად აჯობა, რაც შედეგშიც აისახა - 3:0.
ანგარიში ლაუტარო მარტინესმა მატჩის დასაწყისში გახსნა, ხოლო ტაიმის ბოლოს დუბლი შეასრულა და თავისი გუნდის უპირატესობა გააორმაგა. საბოლოო ანგარიში 82-ე წუთზე რობინ გოსენსმა დააფიქსირა, რომელმაც „ნერაძურიში“ სადებიუტო გოლი გაიტანა.
ამ გუნდების პირველი შეხვედრა უგოლო ფრით იყო დასრულებული და შესაბამისად, ორი მატჩის ჯამში „ინტერმა“ 3:0 მოიგო.
იტალიის თასის მეორე ფინალისტი 20 აპრილს, ტურინში, „იუვენტუსისა“ და „ფიორენტინას“ მატჩით გაირკვევა. მასიმილიანო ალეგრის გუნდს პირველი თამაში სტუმრად 1:0 აქვს მოგებული.