სხვა

5:00 | 19.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

კენიელებმა ბოსტონის მარათონი მოიგეს

ბოსტონის მარათონი კენიელი მორბენლების გამარჯვებით დასრულდა. ქალთა შორის ფინიში პირველმა გადალახა ოლიმპიურმა ჩემპიონმა პერეს ჯეპჩირჩირმა, მამაკაცთა შორის კი გამარჯვება ევანს ჩებეტმა მოიპოვა.

მაშინ, როდესაც დისტანციის დასრულებას კილომეტრნახევარზე ოდნავ მეტი აკლდა, ჯეპჩირჩირმა ეთიოპიელი აბაბელ იეშანე ჩამოიტოვა და ლიდერობა დაიბრუნა. ბოლო მონაკვეთზე, გამარჯვებისთვის სწორედ ამ ორმა მორბენალმა იბრძოლა. საბოლოოდ, ფინიშთან ოთხი წამით ადრე ჯეპჩირჩირი მივიდა, ვისაც ნიუ იორკის შარშანდელი მარათონიც მოგებული აქვს.

„მე ვგრძნობდი, რომ ის ძლიერი იყო. მე მთელი გზა ვცდილობდი, ის წინ არ გამეშვა. ძალიან დავიღალე და ერთ მომენტში, ჩამოვრჩი კიდეც. მაგრამ იმედი არ დამიკარგავს. მადლობა ღმერთს, მოვახერხე და გამარჯვება შევძელი“, - განაცხადა ჯეპჩირჩირმა. ის პირველი მორბენალი ქალია, ვისაც ლიმპიადის გარდა, ნიუ იორკის და ბოსტონის მარათონებიც აქვს მოგებული.

მისგან განსხვავებით, ჩებეტმა კარიერაში პირველი დიდი მარათონი მოიგო. მან უკან მოიტოვა ორი თანამემამულე - ლორენს ჩერონო და ბენსონ კიპრუტო, რომლებმაც შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.

ჩებეტმა 35 კილომეტრის შემდეგ გაზარდა ტემპი და ფინიშთან 18 წამით მიასწრო ბოსტონის მარათონის 2019 წლის გამარჯვებულ ჩერონოს. ჩებეტს ლონდონის და პარიზის მარათონები მეოთხე ადგილზე აქვს დამთავრებული.

0.140796