ჩოგბურთი

1:41 | 18.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ციციპასმა მონტე კარლოს მასტერსის ტიტული შეინარჩუნა

სტეფანოს ციციპასმა მონტე კარლოს მასტერსის ფინალში, ესპანელი ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინა 6-3, 7-6(3) დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გახდა ამ პრესტიჟული ტურნირის ჩემპიონი. ბერძენი ჩოგბურთელისთვის ეს მიმდინარე სეზონში პირველი ტიტულია.

მსოფლიოს მეხუთე ჩოგანს მასტერს 1000-ის სერიის მხოლოდ ორი ტურნირი აქვს მოგებული. ამასთან, 23 წლის ციციპასს დიდი სლემის ტიტული ჯერ არ მოუპოვებია. შარშან ის საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში გავიდა. ის იმედოვნებს, რომ ამ სეზონში, პარიზში ერთი ნაბიჯით წინ წაიწევს.

დავიდოვიჩ ფოკინასთვის ფინლში გასვლაც წარმტებაა. გზად მან ჯერ ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუგო, შემდეგ კი ინდიან ველსის ამერიკელი ჩემპიონი, ტეილორ ფრიციც ზედ მიაყოლა. ის ფინალშიც დაწინაურდა, როცა მესამე გეიმშივე შეძლო მეტოქის მოწოდების აღება - 2-1. მაგრამ რეიტინგში 46-ე ადგილზე მყოფმა ესპანელმა უპირატესობა მომდევნო გეიმშივე გაანიავა. ციციპასი ამით უპირატესობას დაეუფლა და სეტი 31 წუთში მოიგო.

მეორე სეტის დასაწყისშიც, მეტოქეებმა ბრეიკები გაცვალეს. საქმე ამჯერად ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც ისევ ბერძენმა იმარჯვა და შეხვედრაც თავის სასარგებლოდ დაასრულა. ციციპასისთვის ეს კარიერაში მოგებული მერვე ტურნირია.

აქტიურ ჩოგბურთელებს შორის, რაფაელ ნადალის შემდეგ ის მეორეა, ვისაც მონტე კარლოს ტურნირი ზედიზედ აქვს მოგებული. მათ გარდა, ეს მიღწევა ასევე აქვთ შვედ ბიორნ ბორგს, რუმინელ ილიე ნასტასეს, ავსტრიელ თომას მუსტერს, ასევე ესპანელ ხუან კარლოს ფერეროს.

მონტე კარლოში ტრიუმფის გამეორების შემდეგ, ციციპასი მასტერს 1000-ის კიდევ ორ ტურნირზე - მადრიდსა და რომში იასპარეზებს, რის შემდეგაც როლან გაროსზე გამოვა.

0.115389