ავტოსპორტი

1:07 | 17.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

„მაკლარენის“ შეფი უკმაყოფილოა

ფორმულა 1-ში ბიუჯეტების ჭერის შემოღებამ, გუნდებს ბევრი პრობლემა შეუქმნა. განსაკუთრებით ტოპ საჯინიბოებს გაუჭირდათ, რომლებიც საკუთარი პოტენციალის სრულად გამოყენებას ვერ ახერხებენ, რადგან ხარჯების მხრივ, მკაცრად შეზღუდულები არიან.

შექმნილ სიტუაციაში, გამოსავალი შეიძლება იყოს გუნდებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, რითაც ხარჯების გადანაწილებაა შესაძლებელი. როგორც ირკვევა, სწორედ ასეთი გამოსავალი ნახეს „ფერარიმ“ და „ჰაასმა“. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ამერიკული გუნდის ინჟინრები მარანელოში მუშაობენ, სადაც მათ ცალკე სამუშაო ცენტრი გაუხსნეს.

ეს ის ინჟინრები არიან, რომლებიც ბიუჯეტის ჭერში ჩასატევად, „ფერარიმ“ დაითხოვა. მათ „ჰაასში“ გადაინაცვლეს, თუმცა რეალურად, სამუშაო ადგილი არც შეუცვლიათ. მათ მიერ შესრულებული სამუშაო, რეალურად „ფერარის“ (ასევე ჰაასსაც) ხმარდება, ხარჯები კი ამერიკულ მხარეს ეწერება. ეს ყველაფერი, „ფერარის“ მეტი ხარჯის გაწევის (და მეტი ხეირის მიღების) საშუალებას აძლევს, რითაც ხეირს მისი პარტნიორი გუნდიც ნახულობს.

სხვათა შორის, „ჰაასი“ პელოტონში ერთადერთი გუნდია, რომელიც საკუთარ შასის არ ამზადებს. ამ კომპონენტს სარბოლო ავტომობილების მწარმოებლის, იტალიურ კომპანია „დალარასგან“ ღებულობს.

ამ გარემოებათა გამო, უკმაყოფილოა „მაკლარენის“ შეფი ანდრეას ზაიდლი (ფოტოზე ცენტრში): „მინდა ყველამ გაიგოს - ჩვენ პოზიციას არ განაპირობებს მეტოქეების სიჩქარე. ჩვენ წლების განმავლობაში პრინციპებს არ ვცვლით. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი გუნდი მონაწილეობს ფ1-ის რბოლებში - 10 თუ 12. ყველა საკუთარ შასის უნდა აწარმოებდეს. და დაუშვებელია გუნდებს შორის ინფორმაციის გაცვლა“.

„შესაძლებელია სხვისი ძრავის, გადაცემათა კოლოფის გამოყენება. მორჩა. მეტი არაფერი. ერთობლივად არ უნდა იყენებდნენ ინფრასტრუქტურას, რადგან როგორც კი ორი გუნდი ერთ ჭერქვეშ მუშაობას იწყებს, ინფორმაციის გაცვლა გარდაუვალი ხდება. FIA-ში ამბობენ, რომ ამის კონტროლი ძნელია. თუ ასეა, მაშინ აკრძალონ ერთად მუშაობა. თორემ რა გამოდის, სუსტი გუნდი იოლად ახერხებს საშუალო შედეგების მიღწევას. მეორეც, ლიდერ გუნდს კი დამატებითი სამუშაოს შესრულება შეუძლია, რაც მეტოქეებთან უპირატესობას ანიჭებს“, - დასძენს ზაიდლი.

ის ამბობს, რომ გუნდებს, FIA-სა და ფორმულა 1-ს შორის, უკვე მიმდინარეობს დიალოგი ამ საკითხზე.

0.111543