ავტოსპორტი

4:13 | 16.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალონსოს პიასტრი შეცვლის, ალონსო კი - ფეტელს

ავტოსპორტის ამომავალ ვარსკვლავებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ავსტრალიელი ოსკარ პიასტრი. გასულ სამ სეზონში, მან სამ სხვადასხვა სერიაში მოიპოვა ტიტულები. ჯერ 2019 წელს ფორმულა „რენოს“ ევროკაპის ჩემპიონი გახდა, შემდეგ ფორმულა 3-ის ჩემპიონატი მოიგო, გასულ სეზონში კი ფორმულა 2-ის ჩემპიონი გახდა.

პიასტრი ამჟამად „ალპინის“ სარეზერვო პილოტია. ფრანგულმა გუნდმა ამ სეზონში მისთვის საპრიზ პილოტის ადგილი ვერ გაიმეტა, რადგან ორი გამოცდილი პილოტი ჰყავს - მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო და ფრანგი ესტებან ოკონი.

გუნდის შეფი ოტმარ შაფნაუერი აღიარებს, რომ თუ პიასტრი ძირითადი პილოტის ადგილს უახლოეს მომავალში არ მიიღებს, ის შეიძლება რომელიმე მეტოქის რიგებში გადავიდეს. ასეთი ტალანტის დაკარგვა კი „ალპინს“ არ სურს. ამის გამო, გუნდი გამოსავლის ძიებაშია.

ერთი მხრივ, ალონსო ამ ჩემპიონატში ყველაზე ხნიერი მონაწილეა. თუმცა ესპანელმა ახლახანს განაცხადა, რომ ფ1-ში კიდევ 2-3 სეზონით დარჩენას აპირებს. შაფნაუერი აღიარებს, რომ მისი გუნდი, პიასტრისთვის ადგილს ეძებს. მისივე თქმით, ივლისისთვის გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს. ეს კი ნიშნავს, რომ დრო ცოტაა.

ამასობაში, პადოკში ვრცელდება ხმები, რომელთა შესაბამისადაც, პიასტრი შეიძლება „ალპინში“ სწორედ ალონსოს ადგილზე მოვიდეს, ვინც „ასტონ მარტინში“ გადავა და იქ სებასტიან ფეტელის ადგილს დაიკავებს. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონს ბრიტანულ გუნდთან კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს დაუმთავრდება. ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, ისურვებს თუ არა ფეტელი ფ1-ში დარჩენას...

0.111297