ჩემპიონთა ლიგის ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია - ესპანურ კლუბებსა, „რეალსა“ და „ვილიარეალს“ ინგლისელები - „მანჩესტერ სიტი“ და „ლივერპული“ შეუერთდნენ.
„ლივერპულს“ ლისაბონის „ბენფიკასთან“ პორტუგალიაში 3:1 მოგებით ჰქონდა პრაქტიკულად ყველაფერი გადაწყვეტილი და ამიტომაც იყო, რომ იურგენ კლოპმა ძირითად შემადგენლობაში ტრენტ-ალექსანდერ არნოლდი, ენდრიუ რობერტსონი, ვირჯილ ვან დაიკი, მოჰამედ სალაჰი და სადიო მანე არ გაამწესა. მართალია, „წითლებმა“ „ენფილდზე“ ვერ მოიგეს, მაგრამ ნახევარფინალის საგზური მაინც უპრობლემოდ მოიპოვეს.
ისევე, როგორც ლისაბონში, ახლაც ანგარიში იბრაჰიმა კონატემ გახსნა, რასაც ლისაბონელებმა პირველი ტაიმის მიწურულს უპასუხეს. მეორე ნახევარში უკვე რობერტო ფირმინოს ჯერი დადგა, რომელმაც დუბლი შეასრულა და კლოპის გუნდი 3:1 დააწინაურა. „ბენფიკას“ სასახელოდ ის უნდა ითქვას, რომ „არწივები“ არ დანებდნენ და იმდენი მაინც მოახერხეს, რომ ფრეს გამორჩნენ. ჯერ რომან იარემჩუკმა შეაგდო, მერე დარვინ ნუნიესმა გაათანაბრა. ორი მატჩის ჯამში „ლივერპულმა“ 6:4 მოიგო და ნახევარფინალში „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება.
ესპანურ-ინგლისური იქნება მეორე ნახევარფინალიც, რომელშიც „რეალს“ „მანჩესტერ სიტი“ დაუპირისპირდება. „სიტიმ“ მეოთხედფინალში კიდევ ერთი მადრიდული გუნდი, „ატლეტიკო“ დაამარცხა. ამ გუნდების ორრაუნდიანი ბრძოლის ბედი კევინ დე ბრუინის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. მანჩესტერის დარად მადრიდშიც მოსაწყენი თამაში გამოდგა და ამჯერად გოლი არ გასულა. ნულოვანი ფრე კი პეპ გვარდიოლას გუნდს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად სავსებით აწყობდა. ყველაზე საინტერესო გუნდებს შორის ჩხუბი იყო... მატჩის მიწურულს ფეხბურთელებმა და სტაფის წევრებმა იჩხუბეს, დაპირისპირება გასახდელშიც გაგრძელდა და საქმეში პოლიციის ჩარევაც კი გახდა საჭირო.
ასე რომ, წინ ორი ესპანურ-ინგლისური დუელია. ნახევარფინალის პირველი მატჩები ორი კვირის შემდეგ 26-27 აპრილს გაიმართება.
„ატლეტიკო“ – „მანჩესტერ სიტი“ 0:0 (0:0) - ორი მატჩის ჯამში: 0:1
მადრიდი, „ვანდა მეტროპოლიტანო“
„ატლეტიკო“ (3-5-2): ობლაკი; სავიჩი, ფელიპე, მანდავა; ლორენტე, კონდოგბია, კოკე (დე პაული 69), ლემარი (სუარესი 82), რენან ლოდი (კორეა 69); გრიზმანი (კარასკო 69), ჟოაო ფელიქსი (კუნია 82)
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
„მანჩესტერ სიტი“ (4-3-3): ედერსონი; უოლკერი (აკე 73), სტოუნსი, ლაპორტი, კანსელო; დე ბრუინი (სტერლინგი 65), როდრი, გიუნდოგანი; მაჰრეზი, ფოდენი, ბერნარდო სილვა (ფერნანდინიო 79)
მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა
გაფრთხილება: ფელიპე (24, 90), ლორენტე (80), სავიჩი (90) - როდრი (85), აკე (90), მაჰრეზი (90), ფოდენი (90), კანსელუ (90)
გაძევება: ფელიპე (90)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (3) – 10 (1) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 2:4 თამაშგარე: 4:1
მსაჯი: დანიელ ზიბერტი (გერმანია)
„ლივერპული“ – „ბენფიკა“ 3:3 (1:1) - ორი მატჩის ჯამში: 6:4
ლივერპული, „ენფილდ როუდი“
„ლივერპული“ (4-3-3): ალისონი; გომესი, კონატე, მატიპი, ციმიკასი; კეიტა, მილნერი (ტიაგო ალკანტარა 57), ჰენდერსონი (ფაბინიო 57); დიოგო ჟოტა (სალაჰი 57), ფირმინო (ორიგი 90), დიასი (მანე 66)
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
„ბენფიკა“ (4-4-2): ვლახოდიმოსი; ჟილბერტო (დიასი 90), ოტამენდი, ვერტონგენი, გრიმალდო; ევერტონი (ალმეიდა 90), ვაიგლი, ტაარაბტი (ჟოაო მარიო 66), გონსალვეში (იარემჩუკი 46); ნუნიესი, რამოსი (ბერნარდო 78)
მწვრთნელი: ნელსონ ვერისიმო
გოლები: 1:0 კონატე (21), 1:1 რამოსი (32), 2:1 ფირმინო (55), 3:1 ფირმინო (65), 3:2 იარემჩუკი (73), 3:3 ნუნიესი (82)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 17 (5) – 5 (4) ბურთის ფლობა: 64%-36% კუთხურები: 8:0 თამაშგარე: 1:4
მსაჯი: სერდარ გოზუბუიუკი (ნიდერლანდები)