ჩოგბურთი

0:10 | 13.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

კლაისტერსი ჩოგბურთიდან ისევ წავიდა, ამჯერად საბოლოოდ

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ბელგიელმა კიმ კლაისტერსმა, კიდვ ერთხელ გადაწყვიტა საკუთარი სპორტული კარიერის დასრულება. და მისი ასაკიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება საბოლოოა.

38 წლის კლაისტერსი დიდი სლემის ოთხი ტიტულის მფლობელია. მან კარიერის შეწყვეტა ორჯერ, 2007 და 2012 წლებში სცადა. ბოლოს კორტს 2020 წელს დაუბრუნდა, მაგრამ ერთი თამაშის მოგებაც ვერ შეძლო. მერე კი, ოქტომბერში მუხლზე ოპერაცია გაიკეთა. შარშან ოქტომბერში მან ინდიან ველსის ტურნირზე გამოსვლა სცადა, მაგრამ პირველივე წრეში დამარცხდა.

„მინდა ყველას გავუზიარო ჩემი გადაწყვეტილება. ოფიციალურ ტურნირებზე აღარ ვითამაშებ. მოუთმენლად ველი ჩემს ცხოვრებაში ახალ თავგადასავლებს, რომლებიც ჩემს გზას გადაკვეთს“, - ამბობს კლაისტერსი და დასძენს, რომ ამჟამად მეტწილად შვილების მოვლით არის დაკავებული.

„თამაში კვლავ მიყვარს. ჩემი განრიგისთვის, სამი ან ოთხი დღეც საკმარისია იმისთვის, რომ საკუთარი რიტმი ვაკონტროლო. მაგრამ ეს სრულებით არაა საკმარისი იმისთვის, რომ ტურნირზე თამაში ვისურვო. მაგალითად, თუ ავსტრალიაში თამაშს გადავწყვეტ, ამას სამი-ოთხი კვირა დასჭირდება. ეს კი ჩემი ოჯახის ცხოვრების ამ ეტაპზე შეუძლებელია. ცხოვრება თავისას მოითხოვს“, - დასძენს კლაისტერსი, ვისაც კარიერის განმავლობაში, 41 ტურნირი აქვს მოგებული, საპრიზო თანხის სახით კი ჯამში 24 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

0.111902