იტალიის ხელისუფლებამ, ფორმულა 1-ის ყოფილ პილოტ ნიკიტა მაზეპინს და მის ოლიგარქ მამას, დმიტრი მაზეპინს, იტალიაში მათ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება ჩამოართვა. ლაპარაკია ვილაზე (როკი რემ), რომელიც კუნძულ სარდინიის ჩრდილოეთში მდებარეობს.
ჩამორთმეული ქონბის მოცულობა 114.45 მილიონ ევროდ არის შეფასებული. ჩატარებული ოპერაცია არის ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ განხორციელებული სანქციების ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს აგრესორი ქვეყნის იმ მდიდარი მოქალაქეების შევიწროებას, რომლებსაც მჭიდრო კავშირი აქვთ რუსეთის პრეზიდენტთან.
ნიკიტა მაზეპინი იყო ამერიკულ გუნდ „ჰაასის“ წევრი, რომელსაც გენერალურ სპონსორობას, უფროსი მაზეპინის კომპანია „ურალკალი“ უწევდა. მაგრამ ევროკავშირის სანქციების ფონზე, „ჰაასმა“ რუს ოლიგარქთან ურთიერთობა გაწყვიტა და რუს მრბოლს კონტრაქტი შეუჩერა.
სანქციების გამოცხადების შემდეგ, იტალიის პოლიციამ მდიდარ რუსებს, ჯამში 900 მილიონზე მეტი ევროს ვილები და იახტები ჩამოართვა. მათ შორის ყველაზე ძვირადღირებული არის მილიარდერ ანდრეი მელნიჩენკოს იახტა, რომელიც 530 მილიონ ევროდ არის შეფასებული. ის ჩრდილოეთში მდებარე პორტ ტრიესტეში დააკავეს.