ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო ბარჯიჯამ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ტრანსფერი დაადასტურა. როგორც მან ადგილობრივ მედიას უთხრა, ყველაფერი შეთანხმებულია და „ნაპოლი“ კარგად მოიქცა, რომ კვარაცხელია შეიძინა.
„კვარაცხელია „ნაპოლის“ მაისურს მოირგებს. კლუბი „დინამო ბათუმს“ 10 მილიონ ევროს და პლუს ბონუსებს გადაუხდის. ფეხბურთელი 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 1.2 მილიონ ევროს მიიღებს. ბიჭს „მილანიც“ აკვირდებოდა, 21 წლის ახალგაზრდა, ძალიან ვალიდური ფეხბურთელია. „ნაპოლი“ კარგად მოიქცა, რომ ფსონი მასზე გააკეთა, თან ისე, რომ სხვა უფრო ძვირადღირებულ ფეხბურთელებს ყურადღება არ მიაქცია“, - თქვა ბარჯიჯამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „დინამო ბათუმთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ კლუბი ზაფხულში მას გუნდის დატოვებაში ხელს არ შეუშლის. იტალიაში უკვე არაერთმა წყარომ დაადასტურა, რომ ხვიჩას „ნაპოლიში“ ტრანსფერი გადაწყვეტილია და ინფორმაცია ზაფხულში გაოფიციალურდება.